ადვოკატი: ხარძიანის გარდაცვალების შემდეგ მოსალოდნელი იყო ორ ოჯახს შორის დაპირისპირება

ბესიკ ხარძიანისა და ეკა ნონიკაშვილის შვილის ქეთევან ხარძიანის ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს, ბიზნესმენის პირველი ქორწინებიდან შვილების მიერ გაჟღერებულ მკვლელობის მოტივს. როგორც მალხაზ სალაყაიამ „კვირას“ განუცხადა, ბესიკ ხარძიანის მეორე მეუღლე ეკა ნონიკაშვილი გამოძიებასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს.
„გამორიცხულია, ეკა ნონიკაშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებები აბსურდია. ასეთ განცხადებებზე კომენტარიც კი უხერხულად მიმაჩნია. ბესიკ ხარძიანის გარდაცვალების შემდეგ მოსალოდნელიც იყო ორ ოჯახს შორის დაპირისპირება. ეს არაადამიანური დამოკიდებულებაა. თვითონ ეკა ნონიკაშვილი მომჩივანი გახლავთ და ერთ-ერთი მიმწოდებელია მტკიცებულებების, რომელსაც პროკურატურა იძიებს. როგორ შეიძლება მსგავსი რამ, ლოგიკაში არ ჯდება. ნონიკაშვილი გახლავთ იმ პირების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ბესიკ ხარძიანის დაკავების დროს“, – აღნიშნა მალხაზ სალაყაიამ.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილები პირველი ქორწინებიდან – მიხეილ და ანა ხარძიანები, ასევე მისი პირველი მეუღლე ინგა ბაბუაძე ბიზნესმენის მკვლელობის შეკვეთაში მის მეორე მეუღლეს – ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებენ. მიხეილ ხარძიანის ინფორმაციით, 2012 წელს ნონიკაშვილი ბესიკ ხარძიანის დაკავებაშიც მოინაწილეობდა. როგორც მიხეილ ხარძიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდება მუქარა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები