საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვია

 

მონტენეგროში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ, რანკო კრივოკაპიჩმა შეხვედრა გამართეს.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოს და მონტენეგროს, საგარეო მიმართულებით, ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით მსგავსი ინტერესები და მიზნები აქვთ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ყურადღება რეგიონულ პრობლემატიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს. ორივე მხრიდან გამოითქვა სურვილი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების შესახებ.

რანკო კრივოკაპიჩის განცხადებით, საქართველო და მონტენეგრო, როგორც მეგობარი ქვეყნები, ერთმანეთის პრობლემების შესახებ კარგად არიან ინფორმირებულნი და ურთიერთ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ. როგორც შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ორ ქვეყანას საერთო ფასეულობები აქვს და არსებული მეგობრული ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მონტენეგროს წარმატება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მათ სტანდარტებს დაუახლოვდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და რანკო კრივოკაპიჩმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მასპინძლობისთვის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა- „საქართველო და მონტენეგრო დიდ ისტორიას იზიარებენ. ამავე დროს, ჩვენ დამოუკიდებლობა, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, ახლახანს მოვიპოვეთ. ამჯერად, მსოფლიო გაცილებით უკეთესია, რადგან არსებობს საერთაშორისო სისტემა და საერთაშორისო სამართალი, რომელიც თანაბრად იცავს პატარა და დიდ ქვეყნებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სისტემა არ არის გაზიარებული მსოფლიოს ყველა მოთამაშის მიერ. საქართველო იყო მეზობელი რუსეთის სამხედრო აგრესიის ობიექტი და საქართველოს ტერიტორიები დღემდე რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სამწუხაროდ, იგივე მოვლენები განვითარდა ჩვენს მეგობარ უკრაინაში და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს მონტენეგროდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენი მხრივ, გვინდა, სასარგებლონი ვიყოთ თქვენი ქვეყნისთვის და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივ ბრიფინგზე.

შეხვედრას დავით უსუფაშვილთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ფრიდონ საყვარელიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონტენეგროში ზაზა კანდელაკი ესწრებოდნენ. საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 24 აპრილს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები