საზოგადოებრივი საბჭოების წევრობის მსურველთა განაცხადებების მიღება დასრულდა

საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია. საბჭოების საბოლოო დაკომპლექტებამდე მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებს სპეციალური კომისია განიხილავს და თითოეული უბნიდან ათ ადგილობრივ მცხოვრებს შეარჩევს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრობის სურვილი 88 პირმა გამოთქვა. საბურთალოს რაიონის გამგებლის ბრძანების შესაბამისად, კონკურსის პირველ ეტაპზე მათ ტერიტორიული მართვის ერთეულებში კანდიდატად დასარეგისტრირებლად წარადგინეს განცხადებები, მხარდამჭერთა სიები და სამოტივაციო წერილები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპი იქნება გასაუბრება, რის შემდეგაც კომისია გამოაქვეყნებს შერჩეულ წევრთა საბოლოო სიას.
საბჭოში სულ 21 წევრი შევა, რომელთაგან 10 იქნება შესაბამის ტერიტორიული მართვის ერთეულში რეგისტრირებული მოქალაქე, 2 ბიზნესის, 2 მედიის, 2 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და უშუალოდ გამგეობის მიერ შერჩეული 5 პირი. საბოლოოდ, შეიქმნება სამი საზოგადოებრივი საბჭო საბურთალოს რაიონის სამ ტერიტორიულ ერთეულში: დიღომი, ვაშლიჯვარი; ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა; კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ქუჩა.
საზოგადოებრივი საბჭო იქნება მოქალაქეთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც საშუალებას აძლევს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებს, ჩაერთონ მათი უბნის, ქუჩის, ქალაქის მართვაში, გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში. საბურთალოს რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი საბჭოების პროექტი თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ ამ რაიონში განხორციელდება. საზოგადოებრივი საბჭოების პირველი შეხვედრა მაისისთვის იგეგმება. პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან: ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები