„ცესკომ 2012-2014 წლებში გრანტების 80% შერჩევითი პრინციპით „ნაციონალებთან“ ასოცირებულ არასამთავრობოებზე გასცა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მედიას სამოქალაქო მონიტორინგის შედეგები გააცნო და ცესკოს მიერ 2012 წლიდან 2014 წლამდე გაცემულ გრანტებზე ისაუბრა.
ადამაშვილის განცხადებით, აღნიშნული გრანტები საკმაო საეჭვო ვითარებაში გაიცა და ისინი შერჩევითი პრინციპით იმ ორგანიზაციებს გადაეცათ, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებიან.
„ცესკოს მიერ გაცემული გრანტების დაახლოებით 80% „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არის მიკუთნებული. ცესკომ გრანტები მისცა თეა თუთბერიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს. რომელსაც დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ელფი“. მას ცესკომ 2013 წელს გრანტის სახით 24 000 ლარი მისცა. ზურაბ ხარატიშვილი სწორედ თეა თუთბერიძის ამ ორგანიზაციიდან იქნა წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარედ. ცესკოს ასევე გრანტი გამოუყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგა ნასარიძეს. მას დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ახალი ხედვა საქართველო“, რომელმაც 2000 წელს სამი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით 124 000 ლარი მიიღო. შემდეგი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ და ყოფილი „კმარას“ წევრი შმაგი ჩოხელი, დაარსებული აქვს ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელმაც 2012-2013 წელს გრანტის სახით 29 000 ლარი მიიღო. შემდეგი გახლავთ გიორგი მესხელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ვანო მერაბიშვილის მოადგილის ამირან მესხელის ძმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. მას დაარსებული აქვს „დემოკრატ მესხთა კავშირი“, რომელსაც 2014 წელს გრანტის სახით 50 000 ლარი აქვს მიღებული. შემდეგი გახლავთ თამარ კინწურაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, პარალელურად იყო უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მოადგილე. მას ამჟამად დაარსებული აქვს ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“, რომელსაც 2 პროექტის ფარგლებში 2014 წელს გრანტის სახით 101 000 ლარი აქვს მიღებული. შემდეგი ადამიანი, რომელმაც ცესკოს გრანტი აიღო, არის ანა თარხნიშვილი, დეპუტატ ლევან თარხნიშვილის მეუღლე. თარხნიშვილს ცესკოში დიდი გავლენა აქვს და სწორედ ამის გამო მიიღო მისი მეუღლის ორგანიზაციამ დაფინანსება. მის ორგანიზაციას 2013 წელს გრანტის სახით 59 000 ლარი აქვს მიღებული. შემდეგი ადამიანი არის ბესიკ დონაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ისნის გამგებლის მოადგილე, მას დაარსებული აქვს „დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება“, მან გრანტის სახით ცესკოდან 70 000 ლარი მიიღო. ასევე ნანა ბღარაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ცესკოს წევრობის თანამდებობაზე სააკაშვილის კანდიდატი. ეს ადამიანი დღემდე საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, ადმინიტრაციული დეპარტამენტის უფროსად, მან დაარსა ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა სამართლებრივი არჩევნებისთვის“ და 2 პროექტის ფარგლებში 69 000 ლარი მიიღო. შემდეგი არის ლევან გაბრიჩიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ და ასევე პაატა დავითაიას პარტიის წევრი, მას დაარსებული აქვს 2 არასამთავრობო ორგანიზაცია და 4 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით 95 000 ლარი აქვს მიღებული“,- განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
გურამ ადამაშვილმა სამართალდამცავ უწყებებს აღნიშნული ფაქტების და ცესკოს საქმიანობის შესწავლა სთხოვა.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი საგრანტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება, რადგან თავად ცესკოში არსებობენ პასუხისგებელი პირები, რომელთაც პარალელურ რეჟიმში დაარსებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციები და გრანტებს შერჩევითი პრინციპით გასცემენ“,- აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები