„ყველაფრის იმედი გაქვს, როდესაც ხედავ, რომ მოდის თაობა, რომელსაც თეატრი უყვარს…“

„მე ვარ თვითნასწავლი რეჟისორი, რაც არ ვიცი, კარგია თუ ცუდი. ალბათ კარგია, რადგან, ველოსიპედს რომ იგონებ, არასდროს გავიწყდება, სად რომელი ჭანჭიკია, რომელი ნაწილი სად კეთდება, გაფუჭების შემთხვევაში, ადვილად შეგიძლია შეკეთება. სწორედ ამაში დამეხმარა თვითნასწავლი რეჟისურა, თუმცა აკადემიური ცოდნაც აუცილებელია, რასაც ვცდილობ,  სხვადასხვა რაღაცებიდან  დავეუფლო. რამდენად გამომდის და წარმოადგენს თუ არა ჩემი რეჟისურა პროფესიონალურ დონეს, უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია…“ – რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი.

-კინოსა და დრამის მსახიობის ფაკულტეტი დაამთავრეთ…1980647_837585576290496_1219974124_n
-დიახ, მაგრამ როგორც თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ხდება ხოლმე, მე და ჩემი მეგობრები თეატრის გარეთ დავრჩით. ამიტომ, ჩემს ჯგუფელებთან ერთად გადავწყვიტე და საბავშვო ბაღში ვიქირავეთ ოთახი, სადაც თეატრალური სახელოსნო შევქმენით. ვდგამდით სპექტაკლებს, ვიწვევდით ჩვენს მეგობრებს და ვთამაშობდით თეატრობანას. ამ სახელოსნოსთან ძალიან კარგი მოგონებები გვაკავშირებს, რადგან ფაქტობრივად ყველაფერი მაშინ ვისწავლეთ. პირველად, ჩემი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ქვაბში“ წარმოვადგინეთ. რადგან პიესა ჩემი იყო, რეჟისორის სკამზე მე აღმოვჩნდი და ეს იყო ჩემი პირველი ზიარება სარეჟისორო ხელოვნებასთან. მას შემდეგ, ძალიან ბევრი დრო გავიდა და ბევრი სპექტაკლიც დავდგი.
– ძირითადად, დგამთ თქვენ მიერ დაწერილ პიესებს და აკეთებთ საავტორო სპექტაკლებს…
– მაქვს დრამტურგების მიერ დაწერილი პიესების და კლასიკურ ნაწარმოებებზე დადგმული სპექტაკლებიც. მაგრამ, როდესაც კლასიკურ ნაწარმოებს დგამ, უფრო მორიდებით ხარ და ლიტერატურას თამამად ვერ ეხები. ხშირად, როდესაც სპექტაკლზე ვიწყებ მუშაობას და დასს არ ვიცნობ, პიესის გარეშე მივდივარ. არის მხოლოდ იდეა და დასის გაცნობის შემდეგ იწერება პიესა. მაგალითად, ახლა ხულოს დრამატულ სახელმწიფო თეატრში პირველად ვიყავი, დასს არ ვიცნობდი და ამიტომ, პიესა, მუშაობის პროცესის პარალელურად, მსახიობებიდან გამომდინარე დაიწერა. აუცილებელია, თეატრის შესწავლა, რა შეიძლება მოერგოს მას და ამის მიხედვით ვშლი იდეას. მით უმეტეს, თუ საქმე რეგიონს ეხება. რეგიონში ყველანაირი დრამატურგიული ტექსტი არ მიდის. საჭიროა რაღაცები მათ მოარგო. ეს კი ძალიან ადვილია, როცა ტექსტი შენია.
სიმართლე გითხრათ, მომენატრა სხვის პიესაზე მუშაობა, რადგან რეჟისურა უფრო კარგად ჩანს მრავალჯერ დადგმულ სპექტაკლებში, რომელიც ყველამ იცის, შენ კი ახალი ხედვით და საინტერესო ფორმით სთავაზობ, მაყურებლისთვის აღმოჩენა ხდება ხოლმე.
– დრამატურგია…11129395_837585579623829_797691725_n
– კონკრეტულად რომ ვთქვა, შექსპირი თუ ჩეხოვი, ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. მთავარია, შენ რისი თქმა გინდა. რაც მთავარია, პიესა და ლიტერატურული ნაწარმოები უნდა იყოს ნაღდი, მართალი, რეჟისორის და დრამატურგის სათქმელი ერთმანეთს დაემთხვეს. ხშირად არის შემთხვევა, რომ ძალიან კარგი პიესაა, არანაირი შესწორება არ სჭირდება და რეჟისორები ერევიან და ცვლიან პიესას. მეც ხშირად გამიკეთებია ეს და ვთვლი, რომ შეცდომაა. შეიძლება იყოს ნაკლებად ღირებული და არაპოპულარული პიესა, მაგრამ ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდეს, იმიტომ რომ სათქმელი იყოს და იდეა ჩადებული.
– თეატრალური სახელოსნო…
– მე მაქვს კიევის ქუჩაზე ჩემი სივრცე, თეატრალური სახელოსნო, სადაც ვაკეთებ ისეთ თეატრს, როგორიც საერთოდ მინდა იყოს თეატრი, სადაც ვარ აბსოლუტურად თავისუფალი და ვაპირებ, გავაკეთო საგნების თეატრი. ეს განსხვავებული ფორმაა თეატრალურ მიმდინარეობაში, არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაშიც არ არის მიღებული. მინდა საგნები ადამიანებთან ერთად ავალაპარაკო და  ჯადოსნური იყოს. მე მჭირდება თეატრი, რომელიც შეძლებს იმის მოცემას, რასაც კინო ვერ იძლევა. რამდენად გამოვა, არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემი ოცნებაა და იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ ამ გარემოს შექმნას. ამ სივრცეში რამდენიმე დრამატული სპექტაკლი ვითამაშეთ, მაგრამ ამ ეტაპზე იურიდიული მიზეზების გამო გაჩერებულია. თუმცა თეატრი აღჭურვილია ტექნიკურად და ალბათ შემდეგი სეზონიდან საგნების თეატრად გაიხსნება.
– ბოლო ორი თვის განმავლობაში სამი სპექტაკლი დადგით, რომლებმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა…11130404_837585566290497_981226854_n
– მე ვთვლი, რომ ნამუშევარში აუცილებლად უნდა დააფიქსირო შენი მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკური აზროვნება და სოციალურ საკითხებზე საკუთარი აზრი. შენი საქმით უნდა გამოთქვა პრეტენზია, სპექტაკლებით მოითხოვო რაღაცები და არა ქუჩაში დგომით, ან დროშის ფრიალით.
სპექტაკლი „თავშესაფარი“, რომელიც ხულოს დრამატულ სახელმწიფო თეატრში დავდგი, ჩემი პიესის მიხედვით დაიდგა და, ზოგადად, თეატრის შიდა პრობლემებს, ინტრიგებს ეხება, რომელსაც თვითირონიით ვყვებით. ვხუმრობთ თეატრზე, რა თქმა უნდა მოწიწებით. მსუბუქი, სევდანარევი იუმორისტული სპექტაკლია.
ნოდარ დუბმაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში დავდგი სპექტაკლი „1945“, რომლითაც ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოვხატე. გარკვეულწილად პოლიტიკური სპექტაკლია. დღეს ცივილიზებულ სამყაროში, როცა მეორე მსოფლიო ომი სულ რაღაც 100 წლის წინ იყო, მუდმივად საუბარია მესამე მსოფლიო ომზე, რომელზეც, ვთვლი, რომ ასე ადვილად არ უნდა ვილაპარაკოთ და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ვფიქრობ, სპექტაკლი აქტუალურია. ამაზე მაყურებლის რაოდენობა და ინტერესიც მეტყველებს.
მესამე სპექტაკლი იყო „საქართველო“, რომელიც გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დავდგი. მართალია, სპექტაკლში არის პოლიტიკური მოტივები, მაგრამ არა მიზნობრივად, უბრალოდ, ასე გამოვიდა. თუმცა ვლაპარაკობთ სიმართლეს, მოგონილი და მხატვრული ფორმით გადმოცემული არაფერი არ არის. ეს არის სინამდვილე, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა და მე ვფიქრობ, ისტორიის დამახინჯება და რაღაცეებზე თვალის დახუჭვა არის დანაშაული.
– ქართველი მაყურებელი…11131771_837585599623827_524103707_n
-ჩვენ ძალიან საპატივსაცემო მაყურებელი გვაყავს. რაც მთავარია, მათ სწორად შეუძლიათ დაინახონ სპექტაკლის თემა, თუ სწორად მიაწვდი. როდესაც ამბობენ, მაყურებელმა სპექტაკლი ვერ გაიგო, ეს იმ შემოქმდებითი ხალხის ბრალია, რომელმაც ისე არ მიაწოდო როგორც საჭირო იყო. თუ ვერ აგებინებ მაყურებელს რა გინდა, შენშია პრობლემა. მახარებს ის ფაქტიც, რომ ახალმა თაობამ იცის, როგორ მოიქცეს თეატრში და აინტერესებთ თეატრი. მე ეს ხულოს თეატრში აღმოვაჩინე. დასაფასებელია ეს ხალხიც და ის ფაქტიც, რომ ხულოში სახელმწიფო თეატრი არსებობს.
– ქართული თეატრი…
– მე მაქვს ჩემი აზრი და სურვილი, როგორი უნდა იყოს ქართული თეატრი, მაგრამ მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ამიტომ, ცოტა მეშინია ჩემი აზრის საჯაროდ გამოხატვა. ალბათ, პირველ რიგში თეატრალური სკოლიდან უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება და მერე, თაობები რაღაცას შეცვლიან სასიკეთოდ. მოსაზრებებს, რომ თითქოს ქართული თეატრი კვდება, მე არ ვეთანხმები. თუმცა უფრო საინტერესოს და ახალი ტემპის თეატრს ვისურვებდი.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– საგარეჯოს სახალხო თეატრში ვარ მთავარი რეჟისორი და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი დავიწყე. სპექტაკლი ქართულ მოტივებზე იქნება აგებული და 70 ადამიანია ჩართული. ასეთი მასშტაბური სპექტაკლი საქართველოში მე არ მინახავს. არის ძალიან დიდი მოლოდინი, რადგან მთელი რეგიონია ჩართული, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებაც. საინტერესო პროცესები მიდის და ვცდილობთ, ამ სეზონზე გამოვუშვათ.

მზევინარ ხუციშვილი

11139488_837585592957161_494553838_n

11139946_837585582957162_907801889_n

11149048_837585589623828_785994781_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები