ადვოკატი ჯანდაცვის რეფერალური მომსახურების კომისიის წევრებს მიკერძოებაში ადანაშაულებს, დავით სერგეენკოს კი მიმართავს, მათი საქმიანობა შეისწავლოს
სეფსისის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ნათია სანთელაძის წარმომადგენელი, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ჯანდაცვის მინისტრს რეფერალური მომსახურების გაცემასთან დაკავშირებით მომუშავე კომისიის საქმიანობის შესწავლას სთხოვს.
როგორც გიგუაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კომისიამ ნათია სანთელაძეს სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენაში ყოვლად დაუსაბუთებლად უარი უთხრა. ადვოკატმა კომისია მიკერძოებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კომისია კონკრეტული დახმარების გაცემის დროს თანამდებობის პირთა რეკომენადაციებით მსჯელობს და არა პაციენტის ჯანმრთელობის და მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობით.
„სამარცხვინოა, რომ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს კომისია, რომელიც ასეთ დაუსაბუთებელ და არაჰუმანურ გადაწყვეტილებებს იღებს. რეფერალური მომსახურების გაცემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს კომისია სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს და გუბერნატორების, გამგებლების და დეპუტატების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზეა დამოკიდებული, დაეხმარებიან თუ არა ისინი უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. ეს კომისია გადაწყვეტილებას არა ადამიანის ჯანმრთელობის და მისი სოციალური მგომარეობის გათვალისწინებით, არამედ სუბიექტურად იღებს. ჩვენ ხელთ გვაქვს პასუხი, რომელსაც ხელს აწერს სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა, სადაც ის ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უარს ეუბნება ნათია სანთელაძის ოჯახს დამხარების გაწევაზე. მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, რომ აღნიშნული კომისიის საქმიანობა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეისწავლოს. ასევე მივმართავ შიდა ქართლის გუბერნატორს ბატონ ზურაბ რუსიშვილს, რომ თუკი მასზე და მის რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ნათია სანთელაძის გადარჩენა, ნუ დაინანებს ამ რეკომენდაციას. ასევე სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსს მეუფე ანდრიას მივმართავთ დახმარებისთვის“,- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნათია სანთელაძე უკვე მეხუთე თვეა სეფსისის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ხერხემალში ჩირქის ჩაღვრის გამო სანთელაძეს ზურგის ტვინის გარსი დაუზიანდა, რის გამოც 4 -ვე კიდური პარალიზებული აქვს და სასუნთქი აპარატის გარეშე ვერ სუნთქავს. ოჯახს საყოველთაო დაზღვევის თანხები ამოეწურა მკურნალობის გასაგრძელებლად და 29 წლის ნათია სანთელაძის გადასარჩენად დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.
ნათია სანთელაძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშის ნომერი.
საქართველოს ბანკი:
BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: G59BG0000000339229700
მიმღების სახელი: ნათია სანთელაძე
დარეკეთ მაგთიდან და ბილაიდან ნომერზე 0901700432. ზარის ღირებულება 1 ლარი