გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გამთენიისას, ტრაგედიის ადგილზე მისულმა საკრებულოს თავმჯდომარემ 26 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ყოველ წელს, 9 აპრილს, იმ დროს, როდესაც საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო, სასულიერო პირები ტრაგედიის ადგილზე დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს იხდიან. საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატებთან ერთად პანაშვიდს დაესწრო.
„9 აპრილი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის დიდი სევდის და ამავდროულად ძალიან დიდი სიამაყის დღეა. ეს ის წამებია, როდესაც ქართველი ერი ყველაზე მეტად ეზიარა თავისუფლებას. თუმცა, ამ თავისუფლებისკენ სწრაფვის გამო ის საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალის მიერ დაისაჯა. დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ხალხი. არ დამავიწყდება პატრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვა, როდესაც მან, აქ შეკრებილ მოსახლეობას ლოცვისა და ტაძრის ეზოში გადანაცვლებისკენ მოუწოდა. 26 წელია გასული ამ ტრაგედიიდან და მინდა ამდენი წლის შემდეგაც მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს და გავამხნევო. თავისუფლების გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გადასალახი და მხოლოდ ერთად დგომით მივალთ საბოლოო მიზნამდე, რომელსაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია და რომელზეც ჩვენი თითოეული თანამოქალაქე ოცნებობს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები