თავდაცვის მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
26 წლის წინ მომხდარი მოვლენების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
„პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომლებიც 26 წლის წინ 9 აპრილს ამ გამზირზე დაიღუპნენ. ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის გმირები არიან. ჩვენ ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის საქმე, რაც მათ გააკეთეს. მათ თავისუფლებისათვის ბრძოლაში ქართველი ხალხის კონსოლიდაცია მოახდინეს, რაც ჩვენი თავისუფლებითა და დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა. ამიტომ ეს ხალხი ნამდვილად საქართველოს გმირები არიან და ქედს ვიხრით მათ წინაშე“, – განაცხადა ჯანელიძემ.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
26 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.