ფოთში 15 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს
ფოთში, დღეს, მალთაყვის ჩასახლებაში და ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში 15 დევნილი ოჯახისთვის ბინები ფარული კენჭისყრით განაწილდა. აღნიშნულ პროცედურას დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ნარსია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ფოთის მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები. სამინისტროს ცნობით, კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ, მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
განაწილებული 15 ბინიდან 7 ერთოთახიანი და 8 ოროთახიანია. ბინის მისაღებად განაცხადი 40 – მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 15 ოჯახი შეირჩა.