“კვირას” სტატიის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია “ღუდუშაურში” მომხდარ ფაქტებს შეისწავლის
საინფორმაციო სააგენტო „კვირას“ სტატიას – „ღუდუშაურის საავადმყოფოში 2 დღეში 2 მშობიარე გარდაიცვალა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ გამოეხმაურა და სააგენტოს განცხადება გამოუგზავნა.
ასოციაციის თავმჯდომარე ნანა სანაია აცხადებს, რომ ღუდუშაურის საავადმყოფოში მომხდარ ფაქტებს დეტალურად შეისწავლის. „კვირა“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „4 და 6 აპრილს, ღუდუშაური კლინიკაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით, ორი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ დაინტერესდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის ნანა სანაიას განცხადებით, იმდენად, რამდენადაც ასოციაცია უკვე დიდი ხანია სწავლობს აღნიშულ სეგმენტში არსებულ პრობლემებს, ღუდუშაურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ სწორედ ამის გამო არ წყდება ზარები, სადაც მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები ინტერესს იჩენენ ამ მოვლენის მიმართ.
ამ ეტაპზე ვერაფერს დაზუსტებით ვერ გეტყვით. მე თვითონ ეს ინფორმაცია კვირას.გე-ს საშუალებით გავიგე და შევუქე კიდეც ჟურნალისტს ოპერატიულობა. სწორედ საიტზე გასვლის შემდეგ, მაგალითად, მირეკავენ და მეკითხებიან, მართალია, რომ კლინიკის საოპერაციოში ვირუსია გავრცელებული და ა.შ. ჩვენი ასოციაცია ღუდუშაურის კლინიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადრეც სწავლობდა. აქედან გამომდინარე, ახლა უფრო აქტიურად ჩავერთვებით და შევეცდებით, გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში“, – ნათქვამია განცხადებაში.