დავით ნარმანია სოფელ ახალ ნიჩბისში სოფლის კრებას დაესწრო

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ნიჩბისში სოფლის საერთო კრებას დაესწრო. კრება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მოსახლეობამ ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რისი მოგვარებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სურს. “ახალი ნიჩბისი ბევრი პრობლემით დატვირთული სოფელია, სადაც არსებობს წყლისა და გაზიფიცირების პრობლემები, თუმცა ამ პრობლემებზე სხვა სამინისტროები მუშაობენ და მათ პრიორიტეტებში ეს საკითხები განსაზღვრულია. უშუალოდ ჩვენი სამინისტროს კუთხით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს დაწყებული ბავშვთა გასართობი სკვერის კეთილმოწყობა დასრულდება. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა პრობლემას ვაგვარებთ, ერთბაშად ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, თუმცა მთავარია, ხალხთან გვაქვს კონსულტაციები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სოფლებში ბუნკერებიც დაიდგმება. პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 2014 წელს უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროგრამიდან სოფელ ახალი ნიჩბისისთვის 16 200 ლარია გამოყოფილი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონი ლარი გამოყო. პროგრამით გათვალისწინებული თანხებით სოფლების პირველი რიგის საჭიროებები დაკმაყოფილდება.
პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, 2014 წელს მისი ადმინისტრირების წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროგრამით გამოყოფილი თანხების ხარჯვამ უფრო მიზანმიმართული ხასიათი შეიძინა. თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას. რაც შეეხება ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენა, მათი დაფინანსება ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. მიმდინარე წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მცირეკომლიანი სოფლების (რომლებიც, ძირითადად, მთიან რეგიონებში მდებარეობენ) ხვედრითი წილი და ასეთი სოფლების დაფინანსება გაიზარდა. ეს ცვლილება მეტ საშუალებას მისცემს აღნიშნულ სოფლებს, გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და ხელს შეუწყობს სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც არასასურველ მიგრაციულ პროცესებს შეანელებს. პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 2014 წელს უნდა დასრულდეს. აღნიშნული ნორმა ხელს შეუწყობს პროგრამის განმახორციელებელთა პასუხისმგებლობის ამაღლებას და უფრო ხელშესახებსა და საგრძნობს გახდის მის შედეგებს სოფლის მოსახლეობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები