ნატალია შელეგიას მოხსენება – „თანამედროვე საკომუნიკაციო სივრცე და საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ გაიმართება
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გრძელდება დიმიტრი თუმანიშვილის მიერ ინიცირებული საჯარო შეხვედრების ციკლი. 8 აპრილს, 13:00 საათზე კულტურის კვლევების დოქტორის, ილიას უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორის, ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის მკვლევარის ნატალია შელეგიას მოხსენება თემაზე „თანამედროვე საკომუნიკაციო სივრცე და საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ გაიმართება.
მოხსენება წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 2015 წელს დაცული დისერტაციის „თანამედროვე საკომუნიკაციო სივრცე და საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ ნაწილს. კვლევა განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის მხარდაჭერით. მოდერატორი თამთა-თამარა შავგულიძეა. XX საუკუნეში, სამუზეუმო ხელოვნებამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოგონებამ, გლობალიზაციამ, ინდუსტრიულმა რევოლუციამ და ურაბანიზაციამ, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გამოიწვიეს როგორც კულტურაში, ისევე ადამიანების ცხოვრებაში. ნელ-ნელა მუზეუმები გარდაიქმნენ კულტურათაშორისი დიალოგის სივრცედ. XXI საუკუნის მუზეუმები, თავისი მისიითა და იდენტობით, შესამჩნევად განსხვავდება წინამორბედი მუზეუმებისაგან, რომელთა მთავარი ამოცანა კოლექციების შეგროვება, შენახვა, დაცვა, კვლევა და მათი გამოფენა გახლდათ. თანამედროვე ეპოქაში, სამუზეუმო სფერო გაცილებით კომპლექსურ და მრავალმხრივ დაწესებულებად გარდაიქმნა. ჩვენს ეპოქაში, წარმატებულ მუზეუმებს არა მარტო ქალაქის კულტურის ცენტრის ფუნქცია აკისრიათ, არამედ ისინი ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან რესურსად იქცნენ. სწრაფად ცვალებად, საინფორმაციო ხმაურით და კონკურენტებით გაჯერებულ სამყაროში, უმნიშვნელოვანესი ხდება მუზეუმებისთვის ეფექტური ბრენდ-იდენტობის და თანამედროვე, ინტეგრირებული კომუნიკაციების შემუშავება. გლობალიზაცია მოითხოვს როგორც საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის გაზიარებას, ასევე სხვა ერების საგანძურის დაფასებასა და წარმოჩინებას. მსოფლიო კომუნიკაციის ქსელში ჩასართავად, ქართულ მუზეუმებს მოუწიათ საერთაშორისო ნიშანთა სისტემის, სამუზეუმო სტანდარტების და თანამედროვე საინფორმაციო სქემის შესწავლა და საკუთარ რეალობაზე მორგება. დღეს, როგორც არასდროს, მუზეუმებს უწევთ მრავალფეროვანი საზოგადოების, ეთნიკური უმცირესობების, საერთშორისო აუდიტორიის დაინტერესება და მათი მოხიბვლა. ამგვარმა მიდგომამ თავისთვად განაპირობა თანამედროვე, უფრო ეფექტური საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისების აუცილებლობა.