ბრიტანეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი მოზარდი დააკავა
ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი მოზარდი – 14 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა ინგლისის პოლიციამ დააკავა. მოზარდები ბლეკბერნიდან და მანჩესტერიდან არიან. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ისინი „ერთიანი გამოძიების ფარგლებში“ დააკავეს. მოზარდების სახლებში, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ჩხრეკა ჩატარდა. მოგვიანებით, მათი ასაკის გათვალისწინებით, ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გასულ წელს ერაყსა და სირიაში სიტუაციის გამწვავების გამო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის შეფასება ხუთბალიან სკალაში მეოთხე საფეხურზე აიყვანა. სპეცსამსახურების ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში დაახლოებით 600 ბრიტანეთის მოქალაქე იბრძვის, ძირითადად, აზიელები და ჩრდილოეთ აფრიკელები.