წითელი ჯვარი იემენში სამედიცინო დახმარებას გააგზავნის
არაბულმა კოალიციამ, რომელიც იემენში სამხედრო ოპერაციას ატარებს, თანხმობა მისცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს იემენში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„ჩვენ კოალიციისგან მივიღეთ თანხმობა იემენში ორი თვითმფრინავის გაგზავნის თაობაზე – ერთი მედიკამენტებით და მეორე – სამედიცინო პერსონალით“, – განაცხადა წითელი ჯვრის წარმომადგენელმა სიტარა ჯაბინმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ორი თვითმფრინავი იემენის დედაქალაქ სანაში 6 აპრილს დაჯდება.
შეგახსენებთ, რომ იემენის ამბოხებული ხუსიტების წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიცია უკვე ერთ კვირაზე მეტია საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. ამის შედეგად როგორც „ბოევიკები“, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება.