ემზარ კვიციანის ქონების ჩამორთმევის გაუხმაურებელი საქმე – ვის ეკუთვნოდა ტერიტორია, სადაც ახლა პოლიციის განყოფილება ფუნქციონირებს  

ემზარ კვიციანი “კვირასთან“ აქამდე გაუხმაურებელ საქმეზე საუბრობს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მიერ მისთვის ქონების ჩამორთმევის პროცესში მოხდა. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პროკურატურას ყოფილი ხელისუფლების მიერ მისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხით მიმართა, აღმოაჩინა, რომ მისთვის ჩამორთმეულ ქონებათა სიაში იყო მიწის ნაკვეთი სახლით, რომელიც მის მფლობელობაში არასოდეს ყოფილა.
კერძოდ, საუბარია თელავში, რუსთაველის №53-ში მდებარე 2223 კვადრატული მეტრი ფართობის არასამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობაზე. ემზარ კვიციანი “კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ თელავში არც მიწის ნაკვეთს და არც სახლს არ ფლობდა და არც ფლობს. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა აღნიშნულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა მისთვის ჩამორთმეული ქონების ნუსხაში.
“კვირა“ დაინტერესდა, რა შენობა მდებარეობს თელავში, რუსთაველის №53 -ში. ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსი, ასევე ამავე მისამართზეა თელავის საპატრულო პოლიციის შენობაც.
“კვირასთან“ საუბრისას პიროვნება, რომელიც თელავში, რუსთაველის №53 -ში მდებარე კორპუსში ბინას ფლობს, აცხადებს, რომ თავის დროზე მათ მეზობლად მდებარე კერძო სახლიდან ყოფილმა ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდი გამოასახლა, იქ კი საპატრულო პოლიციის განყოფილება ამოქმედდა.
“ჩვენი კორპუსის მეზობლად მდებარეობს საპატრულო პოლიცია. ჩემი ინფორმაციით, იმ შენობიდან მაშინდელმა ხელისუფლებამ კანონიერი ქურდი გამოასახლა, იქ კი საპატრულო პოლიციის განყოფილება ამოქმედდა. საკმაოდ დიდი შენობაა დიდი მიწის ნაკვეთით. რაც შეეხება ემზარ კვიციანს, არასოდეს გამიგია, რომ აქ რაიმე ნაკვეთს ფლობდა“,-აღნიშნა „კვირასთან“თელავში, რუსთაველის №53 -ში მდებარე კორპუსში არსებული ბინის მეპატრონემ.
ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე და შენობაზეა საუბარი მისთვის ჩამორთმეული ქონების სიაში. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები მისი სახელის შესაბღალად არცერთ მეთოდს არ ერიდებოდნენ. კვიციანი არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ქურდულ სამყაროსთან კავშირში დადანაშაულების მიზნით მიაწერა მიწის ნაკვეთი და სახლი, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი ცხოვრობდა, შემდეგ კი იქ საპატრულო პოლიციის შენობა გაიხსნა.
“ჩემი, ჩემი დედმამიშვილების, სიდედრ-სიმამრის, ჩემი მძღოლის დეიდის ქონების ჩამორთმევა არ იკმარა ყოფილმა ხელისუფლებამ. საოცარი ინფორმაცია შევიტყვე მას შემდეგ, რაც პროკურატურაში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს მივმართე ჩემი ქონების დაბრუნების თაობაზე. აღმოჩნდა, რომ ჩამორთმეული ქონების სიაში იყო თელავში, რუსთაველის №53 -ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა. თელავში არასოდეს მქონია არც მიწის ნაკვეთი და არც სახლი, რატომ მომაწერეს, ვერ გავიგე, როგორც ირკვევა, ის სახლი მაშინ საპატრულო პოლიციის შენობად გადააკეთეს. არ ვიცი, თუ კანონიერი ქურდი გამოასახლეს, მე რა შუაში ვიყავი?! გამოდის, რომ მათ ჩემი სახელის გასატეხად უნდოდათ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი დაებრალებინათ, ამაზეც წავიდოდნენ, არ მიკვირს, იმედი მაქვს, პროკურატურა ყველაფერს დაადგენს“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ემზარ კვიციანმა.

ყოფილი ხელისუფლების მიერ ემზარ კვიციანთან კავშირის ბრალდებით ერთ-ერთი მეპატრონისთვის გონიოში მდებარე ფეშენებელური სახლის ჩამორთმევის შესახებ “კვირამ“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მასალა გამოაქვეყნა – http://kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები