კასპის გამგებელმა თანამშრომლის დაკავების ფაქტზე „კვირასთან“ კომენტარი გააკეთა – რას აცხადებს გოჩა გოჩიტაშვილი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის დაკავების ფაქტზე, „კვირასთან“ კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა კომენტარი გააკეთა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ აკაკი ბერიანიძეს კანონი სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელებისას არ დაუღვევია. მისი თქმით, აკაკი ბერიანიძის ოჯახი ერთ-ერთ ფირმას ფლობს და საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ფაქტი სწორედ აღნიშნული შპს-ს საქმიანობაში აღმოაჩინა.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აკაკი ბერიანიძის ოჯახს ჰქონდა ფირმა და სწორედ მის საქმიანობაში გამოვლინდა დარღვვები. ეს დაკავება სამსახურებრივ საქმიანობას არ უკავშირდება. რაც შეეხება ბერიანიძის პიროვნებას, შემიძლია დადებითად დავახასიათო, ვერ ვიტყვი, რა გადაცდომა ჰქონდა კერძო საქმიანობაში. კარგი თანამშრომელი იყო, გამგეობაში ყოფილი ხელისუფლების პერიოდიდან მუშაობს, შემდეგ გამოცხადებული კონკურსი გაიარა და კვლავ განაგრძო მუშაობა“,-აღნიშა “კვირასთან“ საუბრისას კასპის გამგებელმა.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკაკი ბერიანიძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, 180 000 ლარის სანაცვლოდ, მის მიერ ყალბად დამზადებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში და სასაქონლო ზედნადებში ფიქტიურად მიუთითა, თითქოს შპს “მარიკომ” ერთ-ერთ კომპანიას გაუწია ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურეობა. დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2- დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები