ხარძიანის ადვოკატი: იკითხებიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებსაც პიროვნების იდენტიფიცირებისკენ მივყავართ
მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ადვოკატი მალხაზ სალაყაია ბიზნესმენის მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ საუბრობს.
როგორც ადვოკატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საქმეში ათეულობით მოწმე არსებობს, რომელთაც „მოპედით“ მოძრავი ჩაფხუტიანი სავარაუდო მკვლელი დაინახეს.
„საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. ქუჩის ვიდეოთვალები იძლევა იმის დადგენის საშუალებას, თუ რა მარშრუტი გაიარა სავარაუდო დამნაშავემ. საქმეში არსებობს ათეულობით მოწმე,ზოგს მისი ჩაცმულობა დაამახსოვრდა, ზოგს სხვადასხვა ნაკვთი… მათი ჩვენებების საფუძველზე დგება ფოტორობოტი, თუმცა მე და ოჯახის წევრებს ის ჯერ არ გვინახავს. ამ ყველაფერს პიროვნების იდენტიფიცირებისკენ მივყავართ. ამის შემდომ, პირველ რიგში, მოხდება შედარება, ხომ არ შეესაბამება ეს მიღებული ინფორმაცია კართოთეკაში არსებულ რომელიმე ადამიანს, რომელთაც ხელეწიფებოდათ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. მე ვთხოვ ყველა მოქალაქეს, კარგად დააკვირდნენ მათ გარშემო ადამიანებს. ვინ არის დღეს კარჩაკეტილი, ვინ გაქრა მათი მხედველობის არედან. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანის დაკავების შემდეგ ამბობენ, რომ მას უცნაურ რამეებს ატყობდნენ, რომ ბოლო დროს არავის ეკონტაქტებოდა და ასე შემდეგ. თავად დამნაშავეს კი მინდა ვურჩიო, რომ სამართალდამცავებს ჩაბარდეს“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის ბიზნესპარტნიორს გია უდესიანს, რომელსაც ხარძიანის ახლობლები დანაშაულის სავაუდო ჩამდენად მოიაზრებენ, ადვოკატი მიიჩნევს, რომ რადგანაც მისმა გვარმა გაიჟღერა, უდესიანი პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაკითხოს.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ხარძიანი 4 დღის წინ საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.