გია უდესიანი მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს
ბიზნესმენ გია უდესიანის დის განცხადებით, თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ, რომ უდესიანი დაიკითხოს, იგი მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ ბიზნესმენის დამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა. “გია უდესიანი გამოძიებას ხელს არ შეუშლის, თუ მის მიმართ იარსებებს კითხვები, რა თქმა უნდა, ის ამ კითხვებს უპასუხებს. არავითარი დაძაბული სატელეფონო ურთიერთობა გია უდესიანს ბესო ხარძიანთან არ ჰქონია. გია უდესიანი ბესო ხარძიანს მტრად არ აღიქვამდა. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვალდებული ვართ, გამოძიება უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის გამო, ძალინ ვწუხვართ მთელი ოჯახი, მაგრამ არანაკლებ მორალური ზიანი მიადგა ჩვენ ოჯახს იმ უაპელაციო განცხადებების ფონზე, რომელიც ამ დღეებში გაკეთდა და ამ საკითხზე იურისტები მუშაობენ”, – განაცხადა ნატო უდესიანმა “იმედის კვირასთან” საუბრისას.