რაზე ისაუბრეს ციხეში – ანზორ ქოქოლაძე ბესო ხარძიანთან დიალოგს იხსენებს

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე “კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. ქოქოლაძე არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა ხარძიანის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდეს, თუმცა მისი თქმით, ვიდრე გამოძიება კონკრეტულ შედეგს არ დადებს, მკვლელობის მოტივსა და სავარუადო შემკვეთზე საუბარი ნაადრევია.
ანზორ ქოქოლაძემ “კვირასთან“ მასსა და ბიზნესმენ ბესო ხარძიანს შორის ციხეში ყოფინსას შემთხვევითი შეხვედრებიც გაიხსენა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ის და ბესო ხარძიანი ციხის სამლოცველო ოთახში მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ერთმანეთს გულისტკივილი გაუზიარეს.
მისი თქმით, მან და ხარძიანმა იმჟამინდელი ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე ისაუბრეს, რის შედეგადაც ბიზნესმენები ციხეში აღმოჩნდნენ. ქოქოლაძე ფიქრობს, რომ ბიზნესმენების მკვლელობამ ტენდენციის სახე მიიღო.
ბიზნესმენი იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობას შორის კავშირს ხედავს.
“შეძრული ვარ ამ ფაქტით, დღისით-მზისით მოკლეს ადამიანი ქუჩაში. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბიზნესმენების მკვლელობამ ტენდენციის სახე მიიღო.
მიუხედავად ამისა, დღეს წუხილს უფრო განვიცდი, ვიდრე შიშს. მე და ბესო ციხეში რამდენჯერმე მართლაც შევხვდით ერთმანეთს, ორივე უსამართლობის მსხვერპლნი ვიყავით და რა თქმა უნდა, გულისტკივილი გავუზიარეთ ერთმანეთს, ვთქვით, რომ ქვეყანა კვლავ იმ ხელისუფლების ხელში იყო რომელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ჩვენ გვატერორებდნენ და არა მხოლოდ ჩვენ. ბოლოს ბესო გადაცემა “რეაქციაში“ ვნახე, სადაც მეც ვიმყოფებოდი, მას შემდეგ არ მინახავს, გუშინ კი გავიგე თავზარდამცევი ფაქტი“, – აღნიშნა ანზორ ქოქოლაძემ.
ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დადგინდეს ვინ მოკლა ბესო ხარძიანი.
ბესო ხარძიანმა მასსა და ანზორ ქოქოლაძის საპატიმროში შეხვედრა, დაახლოებით ორი კვირის წინ გადაცემა “რეაქციაში“ სტუმრობისას გაიხსენა. „აღარ მინდა ჩემი ისტორიების გახსენება, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მაგივრად მრცხვენია. ციხეში ერთადერთი ოთახი იყო ხატების ოთახი, სადაც მე და ანზორ ქოქოლაძე თან ვლოცულობდით, თან ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ შეძლო ღია ურთიერთობები. დავანებოთ წარსულს თავი, მაგრამ მე მათი მომავლის მეშინია. თუ ამ ახალმა დეპარტამენტმა ვერ შეასრულა სამართლიანობის სრული აღდგენა,” ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება, მათ ძარღვი გაწყვეტილი აქვთ და იტყვიან, რომ ისინი აღადგენენ სამართალს”, – აცხადებდა ბიზნესმენი.
“კვირას” კითხვაზე ხომ არ შეუქმნა აღნიშნულმა ფაქტებმა ქოქოლაძეს დაუცველობის განცდა, ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გულისტკივილს უფრო გრძნობს და მომხდარის გამო წუხს.
ბესო ხარძიანს გუშინ საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ბიზნესმენი საავადმყოფოში მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ “კუს ტბის” მფლობელი ბესო ხარძიანი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ქონების წართმევაში ადანაშაულებდა. იგი ნარკოდანაშაულისთვისაც იყო დაკავებული, თუმცა თავად რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ “ვანო მერაბიშვილის ბრძანებით ჰეროინი ჩააყარეს პირში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები