ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის 5 -კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს
ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის 5 -კილომეტრიან მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები ხორციელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
“ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და გვერდულების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს მდ. ყვირილაზე არსებულ ხიდზე სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარის შეკეთებას, მოაჯირების შეღებვასა და დაზიანებული ლითონის შემოღობვის აღდგენას. ასევე, ბეტონის კიუვეტების შეკეთების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობის, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნისა და ავტოპავილიონის შეკეთების, მილების მოწყობა-შეკეთების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. აღნიშნული მონაკვეთი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ პირველი სვირის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სახელშეკრულებო ღირებულება 1 652 000.00 ლარია. სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული“,-აღნიშნავენ უწყებაში.