გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით, სასტუმრო „ტიფლის პალასში” დღეს მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარძე და OECD-ის გარემოსდაცვითი დირექტორატის პროექტის კოორდინატორი ევგენი მაზური დაესწრნენ.
შეხვედრაზე ახალი პროექტის „მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გარემოსათვის მისაღები ქმედებების ხელშეწყობა” პრეზენტაცია გაიმართა, რაც მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდაჭერის მიზნით 400-მდე საწარმოს კვლევის ჩატარებას და რეკომენდაციების შემუშავებას. კვლევა ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო საწარმოების გარემოსდაცვითი მიმართულებების შესწავლაზე. პროექტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფინანსური მხარდაჭერით წელიწადნახევარი გაგრძელდება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საწარმოების გარემოსდაცვით საქმიანობის პოლიტიკის შემუშავებას, თანამედროვე მწვანე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას და მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მდგრადი განვითარების პრინციპების განხორციელების ხელშეწყობას.
„ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა” (EaP Green) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს გარემოსდაცვით პროგრამის (UNEP), გაეროს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და ევროკომისიის (EC) მხარდაჭერით მიმდინარეობს. EaP Green პროგრამა ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეროვნული მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის დაგეგმვაში, შემუშავებასა და განხორციელებაში, ეროვნული პოლიტიკის რეფორმის შესახებ არსებული გამოცდილების გაზიარებაში. პროგრამა ეხმარება ქვეყნებს მდგრადი მოხმარების და წარმოების ეროვნული განვითარების გეგმებსა და კანონმდებლობაში შეტანაში, ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკური განვითარების ძირითადი ინსტრუმენტების დანერგვაში. საქართველოში პროექტი 2013 წლიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით სამივე კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება.