რა გახდა იტალიაში ქართველი გოგონას გარდაცვალების მიზეზი – დამატებითი დეტალები
იტალიის ქალაქ საპუტინიანოში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის თამუნა ტ. გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი საღებავით ინტოქსიკაციაა.
როგორც „კვირას“ იტალიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა განუცხადა, თამარს, რომელიც საპუტინიანოში იტალიურ ოჯახში მუშაობდა, ოჯახის წევრებმა კედლები შეაღებინეს, მეორე დღეს კი ახალგაზრდა გოგოს პირღებინება დაეწყო. მიუხედავად ამისა, ქართველი ემიგრანტი ოჯახის წევრებმა ექიმთან არ წაიყვანეს. ქართველი ემიგრანტები ვარაუდობენ, რომ თამარი საღებავის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ „კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშრდა, თუმცა, უწყების პრესსამსახურში ქართველი გოგონას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია იტალიიდან ამ ეტაპზე არ აქვთ. „კვირა“ საქართველოს საგარეო სამინისტროდან ინფორმაციის მიღებისთანავე, დამატებით დეტალებს მკითხველს მოგვიანებით გააცნობს.