ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ოთხი საკითხი განიხილეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს ინფორმაციით, კომისიამ ლილოს მაცხოვრებელთა განცხადებებზე იმსჯელა, რომლებიც იმ მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ , სადაც 2010 წელს ნაგავსაყრელი გაშენდა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განმარტა, აღნიშნული ქმედებით წინა ხელისუფლებამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რითიც დაირღვა, როგორც ეკოლოგიური უსაფრთხოება, ასევე მიწის მესაკუთრეთა უფლებები.
სხდომას განმცხადებლებთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ლაფერაძე, ასევე მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს ,,თბილსერვის ჯგუფისა“ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, პირველ რიგში აუცილებელია ყველა უწყებამ აღიაროს, რომ ნამდვილად დაირღვა ამ ადამიანების უფლებები.
,,ბუნებრივია ეს ადამიანები ვერ დაიბრუნებენ საკუთარ მიწის ნაკვეთებს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი მდებარეობს, მაგრამ იმისათვის, რომ მათი უფლებები დავიცვათ, აუცილებელია კომპენსაციის გაცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა უწყება საკუთარ დასკვნას დადებს, რის შემდეგაც კვლავ შევიკრიბებით და საბოლოოდ შევჯერდებით, თუ რა ფორმით მოხდება ამ ადამიანების კომპენსირება. ბუნებრივია ეს დროს მოითხოვს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დადებით შედეგს“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა შრომით დავებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, მიმართონ შესაბამის სამსახურებს, მაქსიმალურად დაიცვან ადამიანების უფლებები და იმ შემთხვევაში თუ არსებობს სამსახურიდან დათხოვნის კანონიერი საფუძველი, დეტალურად და არგუმენტირებულად მოახდინონ მოქალაქის ინფორმირება.
დღესვე გულიკო ზუმბაძემ კომისიის წევრებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში არსებული მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ შენობა, პალატები და სველი წერტილები საგანგაშო მდგომარეობაშია.
დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ახალი შენობის მშენებლობის დაწყება, თბილისის მერია და საკრებულო კი თავის მხრივ მხარს დაუჭერენ აღნიშნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებისთვის ტერიტორიის გამოყოფას.
სხდომის დასასრულს დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.
კომისიის წევრების განცხადებით, აღნიშნულ წესში არსებულ რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით, მათ არგუმენტირებული შენიშვნები გააჩნიათ, რომლებსაც რეკომენდაციის სახით, როგორც საკრებულოს შესაბამის კომისიას, ასევე სსიპ ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ გადაუგზავნიან.