სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თურქულ-ამერიკულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
17-19 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ მონაწილეობა მიიღო თურქულ-ამერიკული ალიანსის მიერ ვაშინგტონში ორგანიზებული ფორუმის „თურქულ-ამერიკული ფორუმი და ბიზნეს სამიტი“ („Turkic American Convention & Business Summit“) მუშაობაში. საქართველოდან თურქულ-ამერიკული ალიანსის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (რექტორი ილიას ჩილოღლუ, გენერალური მდივანი რესულ დიკმენი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადემ ონელი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი რომან გოცირიძე), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (რექტორი, პროფ. ჯონი აფაქიძე), თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა (რექტორი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი). ქართულ-თურქული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ: ბიზნესმენები მეჰმეტ შურქიტი (სავაჭრო კომპანია „დაფნა“) და ნიაზ ნურიევი.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გამოჩენილი მეცნიერები, რექტორები, ბიზნესმენები, აშშ-ის სენატორები და კონგრესმენები. საქართველოს დელეგაციის სახელით 17 მარტს მისასალმებელ წვეულებაზე სიტყვა წარმოთქვა პროფესორმა რომან გოცირიძემ, ხოლო 18 მარტს გალა წვეულებაზე – სსუ რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები (რომან გოცირიძე, სოლომონ პავლიაშვილი, ჯონი აფაქიძე და ილიას ჩილოღლუ) ამერიკის სენატსა და კონგრესში შეხვდნენ ცნობილ პოლიტიკოსებს. მათ შორის სენატორ ჯო დონელის, კონგრესმენებს ჯერი მაკნერნის, ტონი გარდენიას, ენ კირკპატრიკს და სხვ.
ქართული დელეგაცია მიწვეული იყო ასევე თეთრი სახლის საკონფერენციო ცენტრში, რონალდ რეიგანის სახლსა და საერთაშორსო სავაჭრო ცენტრში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დელეგაციას უმასპინძლა კავკასიის საკითხებისა და რეგიონალური კონფლიქტების განყოფილების დირექტორმა ჯონ მარკ პომერსჰაიმმა და მისმა თანაშემწეებმა.
სამიტის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაიმართა საქართველოს საელჩოში ვაშინგტონში, სადაც ქართულ დელეგაცია მიიღო საქართველოს ელჩის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა და პირველმა მდივანმა სოფიო კუპრაძემ. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს სამიტისა და მის მუშაობაში მათი მონაწილეობის შესახებ. ელჩის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა სტუმრებს ამერიკის უნივერსიტეტებთან კავშირების დამყარებისა და სამომავლო პროექტების შემუშავების მიზნით საინტერსო წინადადებები შესთავაზა, დელეგაციის წევრებმა ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი გამოთქვეს.
საქართველოდან ვაშინგტონში დელეგაციის გამგზავრების ორგანიზატორი იყო შავი ზღვის საერთაშორსო უნივერსიტეტი.