ირაკლი ღარიბაშვილი: თანხები, რომელსაც წინა ხელისუფლება ფუფუნებაზე ხარჯავდა, ჩვენ ადამიანებისკენ მივმართეთ
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე საყოველთაო დაზღვევის პროგრამით სარგებლობს და ყველა მოქალაქე დაზღვეულია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ის თანხები, რომლებსაც წინა ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ფუფუნებისთვის თანხებს ხარჯავდა, დღეს მთავრობა საქართველოს მოქალაქეებზე ხარჯავს.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევით არის დაზღვეული ყველა მოქალაქე და საყოველთაო დაზღვევის პროგრამით 4 300 ათასი ადამიანი სარგებლობს. გასულ წელს, ჩვენი მთავრობის დროს დასრულდა 82 ახალი ამბოლატორიული შენობების მშენებლობა მთელ საქართველოში. გასულ წელს, სოფლის ექიმების დაფინანსება 150 ლარით გავზარდეთ და 650 ლარი გახდა. გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და დევნილების შემწეობა. 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამაზე 520 მილიონი ლარი დაიხარჯა. მათ შორის გადაუდებელ, სტაციონალურ მომსახურეობაზე – 250 მილიონი ლარი. კარდიოქირუგიისა და გეგმურ ქირურგიაზე, ჯამში, ერთად – 87 მილიონი ლარი. მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე 41 მილიონი ლარი. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები. ეს თანხები გასულ წლებში იხარჯებოდა, წინა მთავრობის ფუფუნებაზე, მათი სასახლეების, პარლამენტის მშენებლობაზე, ჩვენ ეს თანხები პირდაპირ მივმართეთ ადამიანებისკენ და ეს არის ყველაზე წარმატებული პროექტი. ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის მოხდა 180 მანქანის შესყიდვა და მთელი რეგოინების აღჭურვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას.