გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს მომავალი, როგორც დემოკრატიული ქვეყნისა, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი, როგორც დემოკრატიული ქვეყნისა, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. როგორც მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე “დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში” განაცხადა, გამოწვევები ჩვეულებრივი რამ არის განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებისათვის, მაგრამ საქართველოში გამოწვევები უფრო რთული და დრამატულია.
“დემოკრატიული განვითარება და საქართველოს შესაძლებობა, გახდეს უფრო სტაბილური, დემოკრატიული ქვეყანა, ითამაშოს ის როლი, რომელიც მან თავის თავზე რეგიონში აიღო, არის ის საკითხები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად განვიხილავთ. რეგიონში საქართველოს როლი მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის ვართ დამაკავშირებლები. ბევრი მიმართულებით ჩვენ ამ ქვეყნებს შესაძლებლობას ვუქმნით, დაუკავშირდნენ ევროპას და შეიქმნას ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საქართველო ამ როლს დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა. ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის მომავალი, როგორც დემოკრატიული ქვეყნისა, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. გამოწვევა ჩვეულებრივი რამ არის განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებისათვის და საზოგადოებისთვის, გამოწვევები შეიძლება სხვა დემოკრატიულ ქვეყნებსაც აქვთ, მაგრამ საქართველოში გამოწვევები არის რთული, უფრო დრამატული და უფრო მეტად განსაზღვრავს ქვეყნის და რეგიონის მომავალს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ განვავითაროთ მთავრობა, საზოგადოება, როგორც ვიპოვოთ ბალანსი თავისუფლებებს შორის და როგორ წავმართოთ ეს ყველაფერი დინამიკური პროცესით. საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს”, – განაცხადა პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე.
ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით “დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში” სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიხსნა. კონფერენცია იმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის თანამშრომლობით, ასევე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, აშშ-ის საელჩოს და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ აშშ-ის, ნატოს, საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები