რატომ ამოწმებს GWP ძაღლების თავშესაფარს – კომპანია ელიზბარაშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს პასუხობს.
საუბარია ელიზბარაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც კომპანიამ მის მიერ დაარსებული ძაღლების თავშესაფარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4-ჯერ შემოაწმა, ბოლოს კი 19 მარტს თავშესაფარში 12-კაციანი ჯგუფი მივდა.
როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსში“ „კვირას“ განუცხადეს, აღნიშნულ ობიექტზე ჯგუფი მეორედ მივიდა. მათივე განმარტებით, 19 მარტს თამაზ ელიზბარაშვილის კომპანიის იურისტთან მოხდა შეთანხმება, რომელიც ელიზბარაშვილმა დაარღვია.
„პირველად, მიმდინარე წლის 19 მარტს, კომპანიის სამი წარმომადგენელი ობიექტზე მრიცხველის მუშაობის ხარისხის შემოწმების მიზნით იყო მისული. იმ დღესვე, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის კომპანიის იურისტთან – ბეჟან ბეჟუაშვილთან მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 24 მარტს, 14:00 საათისთვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლები თავშესაფრის ტერიტორიაზე აღრიცხვის კვანძს სემეკის 2008 წლის N32 დადგენილების მე-6 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად მოაწყობდნენ. მიღწეული შეთანხმება დაირღვა თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან, რითაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, აღრიცხვის კვანძი კანონმდებლობის შესაბამისად დაემონტაჟებინათ“, – აცხადებენ კომპანიაში.
ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა გუშინ კომპანიას მიმართა. იგი მიიჩნევს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მის ობიექტს ხშირად ამოწმებს, ხოლო მიზანი მისთვის გაურკვეველია.
„მე გახლავართ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი. ამავდროულად, თქვენი კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” აბონენტი. თბილისში, გივი სვანიძის 30 ნომერში, ჩემს კერძო საკუთრებაში (ტერიტორიაზე), 12 წელი ჩემი სურვილით და ჩემი ფინანსებით ვეხმარები და ვჩუქნი სიცოცხლეს ძაღლებს, დათვებს და სხვა ცხოველებს. მთელი ამ ხნის მანძილზე, არანაირი დავალიანება, ან დარღვევა არ მქონია, არც თქვენს და არც წინამორბედ კომპანიასთან.
მიუხედავად იმისა, რომ მე კერძო პირს, თამაზ ელიზბარაშვილს, თქვენი კომპანია 0.2655 ლარი 1მ3-ზე ტარიფის ნაცვლად, 4,4 ლარს 1მ3 ტარიფით მახდევინებს გადასახადს. მიმდინარე წლის 19 მარტს, თქვენი კომპანიის წარმომადგენლები, 12 კაციანი ჯგუფი მოვიდა გეგმიური შემოწმების მიზნით. ბოლო ერთი წლის მანძილზე, ეს იყო მეოთხე გეგმიური შემოწმება. რას ისახავს მიზნად, ასეთი სიხშირით, ჩემი კერძო საკუთრების შემოწმება?! თქვენი კომპანიის მხრიდან, მსგავსი ქმედებები, მაფიქრებინებს მხოლოდ ერთს, რომ თქვენ მე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში მადანაშაულებთ?! რადგანაც, ეს არ ჰგავს გეგმიურ შემოწმებაზე მოსულ ჯგუფს… ეს, ურჩი გადამხდელის წინააღმდეგ მიმართულ ზომას ემსგავსება, რაც, ბუნებრივია, ჩემში იწვევს სამართლიან პროტესტს… მე, როგორც თქვენი კომპანიის–„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” აბონენტი, მოვითხოვ განმიმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე?!“ – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.