“საქართველომ დემოკრატიის მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კუთხით პროგრესი განიცადა”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ანგარიში რეკომენდაციებთან ერთად იმ პროგრესს ასახავს, რასაც საქართველომ 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე მიაღწია.
დემოკრატიის მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით დოკუმენტში ხაზგასმულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კონსტიტუციური რეფორმა და ამისათვის შექმნილი საკონსტიტუციო კომისია.
ევროკავშირის შეფასებით, პარლამენტის როლი გაძლიერდა და პრეზიდენტის ძალაუფლება შემცირდა. გარდა ამისა, ხაზგასმულია პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც 2014 წლის დეკემბერში დაიწყო.
ანგარიშის მიხედვით, მედიათავისუფლება გაუმჯობესდა, ხოლო სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი კვლავ მყიფეა. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში.
საქართველოს ბიზნესგარემო დღესაც საუკეთესოა რეგიონში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ გადასახადებს საქართველოში ემატება წინსვლა ფართომასშტაბიანი პრივატიზაციისა და სანიმუშო კორპორატიული მართველობის კუთხით-ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა მედიაგარემო, მთავარი პროკურატურა აღარ აკონტროლებს მართლმსაჯულების სისტემას და ქვეყანა წარმატებით გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მიიღო ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. „ციხის სისტემა და ბავშვთა უფლებების დაცვა გაუმჯობესდა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს და სამართალდამცავების მიერ მოქალაქეების შეურაცხყოფის დაუსჯელობის ნაკლებობა კვლავ ნარჩუნდება. საჯარო ადმინისტრირების მთავარი რეფორმები ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მათ შორის პარტიების დაფინანსების საკითხი”, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე დადებითადაა შეფასებული პარლამენტის მუშაობა არასამთავრობო სექტორთან. “საერთო ჯამში, საქართველომ გარკვეული პროგრესი განიცადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის შესრულების პროცესში, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების, ასვეე ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის საკითხში”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები