„მეტი აღარ შემიძლია“ – ბავშვები, რომლებიც საქართველოში მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება იმ ბავშვების განცხადებებისა თუ საჩივრების განხილვაა, ვისაც უფლებები დაურღვიეს. ყველას, მათ შორის თავად ბავშვს მისი უფლების დაღვევის შემთხვევაში შეუძლია ცენტრს განცხადებით მიმართოს.
„კვირა“ დაინტერესდა, მიმართავენ თუ არა ბავშვები ცენტრს საკუთარი ან თანატოლების უფლებების დასაცავად. აღმოჩნდა, რომ მიმართვიანობა ძალიან დაბალია და დარღვეული უფლების აღდგენა სულ 7-8 არასრულწლოვანმა მოითხოვა. ერთ-ერთი შემთხვევაა, როდესაც ცენტრს 14 წლის ბავშვმა ოჯახის წევრის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მიმართა. ასევე, მშობლებს შორის მუდმივი დაპირისპირებით შეწუხებულმა არასრულწლოვანმა ცენტრს მიმართა, სადაც იგი წერდა, რომ მეტი აღარ შეუძლია. მე-11 კლასელმა გოგონამ სკოლის დამრიგებლისა და დირექტორის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დახმარება ითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა მიაწოდა.
„თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როდესაც მათი უფლებების დარღვევის გამო მოგვმართავენ ბავშვები. სულ არის დაახლოებით 7-8 მომართვა. ოჯახური ძალადობის ორი შემთხვევა იყო. ერთი იყო, როდესაც ბავშვზე ოჯახის წევრები ძალადობდნენ. ასევე არასრულწლოვანმა მოგვმართა იმის თაობაზე, რომ მშობლებს შორის იყო დაუსრულებელი დავა და ბავშვი წერდა, რომ მას მეტი აღარ შეეძლო. ეს მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა. ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა“, – აცხადებს გედევანიშვილი.11069979_1060252670669415_1679710200_o
რაც შეეხება მე-11 კლასელი გოგონას უფლების დარღვევას, ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამის შესახებ საქმის წარმოება საბოლოოდ ისევ გოგონას და მისი მშობლის მოთხოვნით შეწყდა. მაია გედავანიშვილი მიიჩნევს, რომ დაბალი მიმართვიანობის მიზეზი სტიგმაა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.
„დაბალ მომართვიანობას ვაბრალებ ერთგვარ სტიგმას. ამის მაგალითია სკოლის მოწაფის მომართვის ფაქტი. შარშან მეთერთმეტეკლასელმა გოგონამ მოგვმართა, რომ რაღაცა მოსაზრების გამო ჯერ დამრიგებელმა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი – დირექტორმა. მან ჩვენთან შემოიტანა განცხადება და დავიწყეთ საქმის წარმოება. მივწერეთ სკოლის დირექტორს. იქიდან მოგვივიდა პასუხი, რომ ეს კონფლიქტი ამოიწურა და გოგონას ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იყო, აღარ გაგრძელებულიყო ეს საქმე. ამაზე გავეცით პასუხი, რომ საქმე დასრულებული არ გვქონდა და უნდა გაგვეგრძელებინა შესწავლა. ამის შემდეგ თავად გოგონამ და მისმა დედამ დაგვირეკეს და გვთხოვეს, შეწყვეტილიყო საქმე. წერილში ეწერა, უმჯობესია შეწყვეტილიყო გოგონას ინტერესებიდან გამომდინარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პრობლემები შეექმნებოდა. დაბალი მომართვიანობის ძირითადი მიზეზია საზოგადოების ცნობიერება, რაც აისახება ბავშვებზე“, – აცხადებს გედევანიშვილი. იგი ბავშვის მომართვის საფუძველზე წარმოებულ საქმეზე დამდგარ შედეგსაც იხსენებს. მისი თქმით, მათ დახმარება სთხოვა სოციალურად დაუცველმა რამდენიმე ბავშვმა. ისინი ითხოვდნენ, რომ არ დახურულიყო დღის ცენტრი, სადაც ისინი იკვებებოდნენ/სამედიცინო და სოციალურ დახმარებას იღებდნენ. დღის ცენტრი დროებით მაინც დაიხურა, თუმცა საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შედეგად კვლავ გაიცა ლიცენზია და ცენტრმა მუშაობა განაახლა.
„დაგეგმილი იყო ერთ-ერთი ბავშვთა ცენტრის – დღის ცენტრის დახურვა. მოგვმართა ამ ცენტრის რამდენიმე ბენეფიციარმა. ითხოვდნენ, რომ არ დაეხურათ ეს ცენტრი. ჯერ დაიხურა, შემდეგ თავიდან მისცეს ლიცენზია და ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შედეგად ისევ გაიხსნა“, – ამბობს გედევანიშვილი. სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრში ბოლო არასრულწლოვნის განცხადება გუშინ შევიდა. ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო მიმართვა გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განხორციელდა. არასრულწლოვანი მსჯავრდებული ითხოვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილონ ყურადღება. კერძოდ, იგი თვლის, რომ სხვა ტიპის მკურნალობას საჭიროებს. „ბოლო მომართვა იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. დღეს ადგილზე იყვნენ ჩვენი თანამშრომლები. არასრულწლოვანმა გუშინ მოგვმართა და ითხოვდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაგვემახვილებინა ყურადღება. იგი მიიჩნევს, რომ უმჯობესია მისი მკურნალობა სხვა მიმართულებით წარიმართოს“, – განაცხადა გედევანიშვილმა.
მისივე განმარტებით, მომართვიანობის გაზრდისა და შემთხვევის გამოვლენის მიზნით ცენტრი სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს, მათ შორის რეგიონებში.
„დავდივართ რეგიონებში, ვხვდებით სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს და მათი მეშვეობით – ბავშვიან ოჯახებს. განსაკუთრებით ოჯახებს, სადაც სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან. ასევე ვხვდებით საგანმანათლებლო რესურსცენტრების მესვეურებს. ვკრებთ დირექტორებს და დავდივართ სკოლებში მოსწავლეებთან შესახვედრად“, – აღნიშნავს მაია გედევანიშვილი.
საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დაცვის ცენტრი 2001 წელს დაარსდა. ცენტრს შეუძლია მიმართოს ბავშვმა, რომლის უფლებებიც დაირღვა; ბავშვის მშობელმა ან ნათესავმა და ნებისმიერმა მესამე პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა.

ნიცა ბუხნიკაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები