საქართველოს პრეზიდენტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტის და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“ხაზგასმით აღინიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როლის მნიშვნელობა ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების სრული მიუღებლობა. შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. საპარლამენტო ასამბლეამ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები