„შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველო იქცევა და მოიქცევა ისე, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა მოიქცეოდა“ (ვიდეო)

გადაწყვეტილება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის შეკრების საქართველოში ჩატარების შესახებ, არის იმ გადაწყვეტილების ურყეობის გამოხატულება, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია -ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და თავდაცვის კომიტეტის ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი 2017 წელს საქართველოში დაგეგმილ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეკრებასა და საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის აშენებას შეეხო.
„კარგი შეხვედრა კარგი ამბით დასრულდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის შეკრება საქართველოში ჩატარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვემზადებით ამ ღონისძიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ჩაატარონ ეს ღონისძიება, არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ გადაწყვეტილების ურყეობის, რასაც ქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესზე საწვრთნელი ბაზის გახსნის დეტალებზე, აგრეთვე იმის აუცილებლობაზე, რომ მომავალ სამიტამდე ურთიერთობები ნატოს წევრ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაღრმავდეს და შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველო იქცევა და მოიქცევა ისე, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა მოიქცეოდა ნატოსთან ურთიერთობაში. ეს ჩვენთვის აუცილებელია, ვინაიდან ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის დაცვა შემდგომი უბედურებებისგან მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. რაც შეეხება იმ უბედურებებთან გამკლავებას, რაც დღემდე დაგვემართა, ამისთვისაც სწორედ ნატოს წევრ ქვეყნებთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობაა აუცილებელი. არა იმისთვის, რომ ახალი ომი წამოვიწყოთ სადმე, არა იმისთვის, რომ ახალი მსხვერპლის ფასად გადაწყდეს ეს პრობლემები, არამედ სწორედ იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით მოგვარდეს ყველა საკითხი და ქვეყანა იყოს ერთიანი, მთლიანი, სტაბილური, სადაც ყველა მოქალაქეს და ყველა ერის წარმომადგენელს შეეძლება თავისი მიზნების მიღწევა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები