ალექსანდრე ქანთარია: ხელისუფლება მუდმივად იქნება კრიტიკის რეჟიმში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მას ასეთ კვლევებს დიდად არ ენდობა.
როგორც ქანთარიამ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ქვეყანაში საგანგაშო არაფერი არ ხდება და ძალიან ნორმალური მდგომარეობაა.
„ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, შექმნას ტრაგიკული სურათი. არაფერი არ ხდება, არის ძალიან ნორმალური მდგომარეობა. „ქართულ ოცნებას” 36%-იანი რეიტინგი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ეს სამწუხარო ფაქტია, სამწუხარო ის იქნებოდა, 80% რომ ჰქონოდა. ხელისუფლება მუდმივად იქნება კრიტიკის რეჟიმში საზოგადოების მხრიდან – ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა. ჩვენ გვყავს ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური შეცდომებით”, – განაცხადა ქანთარიამ.  პარლამენტარი ტრაგედიად არ აფასებს კვლევის შედეგებს იმ ასპექტში, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 62%-ის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
„ეს ტრაგედიას არ წარმოადგენს. ეს არის პროცესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ჩვენ კუნძულზე არ ვცხოვრობთ და არც ის ვიცოდით, რომ მეზობლებს „ცეცხლი წაეკიდებოდათ”. მსოფლიოს გადახედეთ, ყველგან კრიზისია. დიდ ბრიტანეთშიც კი კრიზისია და ინფლაცია მოხდა. ჩვენ ვერ ვიქნებოდით გამონაკლისი. ჩვენს გვერდით რეგიონებში უფრო საშინელება ხდება. ჩვენთან კი გაცილებით მყარი მდგომარეობაა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცდილობთ, რომ შენარჩუნდეს არსებული ვითარება. მთავარია, ჩვენი ხელისუფლება გამოწვევებს მტკიცედ ხვდება”, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები