გიორგი კახიანი: რეგლამენტი არ ითვალისწინებს, რომ პარლამენტი ვინმეს მოსაწვევებს უგზავნიდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის შესახებ ისაუბრა.
კახიანმა პარალელი ძველ და ახალ საკონსტიტუციო ჩანაწერს შორის გაავლო. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის სახით, წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, დღეს მოქმედი პრეზიდენტი მთავრობას არ ნიშნავს და არც მისი კონტროლის მექანიზმები გააჩნია, თავის მხრივ, მის წინაშე ანგარიშვალდებული არც მთავრობის წევრები არიან.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართვას, რომ პარლამენტმა აღმასრულებელი მთავრობის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა უზრუნველყოს, კახიანის განცხადებით, პარლამენტის ფუნქცია მოსაწვევების დაგზავნა არ არის. „წინა ხელისუფლების დროს მთავრობის დასწრება პრეზიდენტის გამოსვლაზე განპირობებული იყო წინა მმართველობის სისტემით. ადრე პრეზიდენტი იყო სახელმწიფოს მეთაური და წარმართავდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას, მას მთავრობის კონტროლის სერიოზული ბერკეტები ჰქონდა, მას შეეძლო მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი აქტი კანონმდებლობასთან შეუსაბამობის მოტივით გაეუქმებინა. მას შეეძლო ნებისმიერ დროს გადაეყენებინა მთავრობა, თვითონ მთავრობა იყო ანგარიშვალდებული მის წინაშე. ეს სულ სხვა პოლიტიკურ გარემოს ქმნიდა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა.
არსებობს საპარლამენტო ტიპის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი რეგულაცია და, ბუნებრივია, ეს უკვე განსხვავებულ ურთიერთობას ქმნის. პრეზიდენტს მთავრობის არანაირი კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია. მთავრობა არ არის პასუხისმგებელი, ან ანგარიშვალდებული პრეზიდენტის წინაშე. შესაბამისად, შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, არის თუ არა მთავრობა ვალდებული, დაესწროს გამოსვლას. როდესაც სააკაშვილს გამოსვლისას კითხვებს უსვამდნენ, ეს ლოგიკური იყო, რადგან მისი მთავრობა იყო, დღევანდელ პრეზიდენტს ეს პასუხისმგებლობა არ გააჩნია. დღეს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სახელმწიფოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს, რომელსაც რეკომენდაციის სახე ექნება. რეგლამენტი არ ითვალისწინებს, რომ პარლამენტი ვინმეს მოსაწვევებს უგზავნიდეს პრეზიდენტის გამოსვლაზე დასაწრებად. ვინც გამოთქვამს სურვილს, დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას, მას ამის საშუალება მიეცემა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები