აპირებს თუ არა იარაღის შეძენას – რას აცხადებს მედეა ვასაძე

რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის შემდეგ, იარაღი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემაც შეიძინა, “კვირასთან“ კომენტარს თავად მედეა ვასაძე აკეთებს.
ვასაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ იარაღის შეძენა მის სამომავლო გეგმებშიც არ შედის.
“არაფერში არ მჭირდება იარაღი, მაქვს სხვა ათასნაირი შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი გზებით მოვაგვარო საკითხები. მე ვარჩევ კომუნიკაციას. ზოგადად, არ მიყვარს იარაღი. ვფიქრობ, ცხოვრება ისე არ გამირთულდება, რომ იარაღის გამოყენება დამჭირდეს“, – აღნიშნა “კვირასთან“ მედეა ვასაძემ.
რაც შეეხება დამოუკიდებელი დეპუტატის, ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის მიერ იარაღის შეძენის ფაქტს და მოტივს, მედეა ვასაძე აცხადებს, რომ მურმან დუმბაძეს საფრთხის განცდა საფუძვლიანად დაეუფლა.
“ბატონ მურმანს ბოლო დროს აქვს განცდა, რომ ის შეიძლება აღმოჩნდეს მოგერიების აუცილებლობის წინაშე. როცა კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან მისდამი ამ დოზით მოდის აგრესია, სავსებით შესაძლებელია, რომ მას შესაძლო საფრთხის განცდა გასჩენოდა. მე ვამბობ, რომ ასეთი განცდა არ მაქვს“, -განმარტავს ვასაძე.
საქართველოს პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ იარაღის ყიდვა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის” წევრებმა მურმან დუმბაძის სახლთან მისვლა დააანონსეს და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. დეპუტატის განცხადებით, რადგან მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მისი და მისი ოჯახის დაცვას, ის თავად შეეცდება, იარაღით დაიცვას თავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები