დავით სერგეენკო მთავრობის ადმინისტრაციისთვის შეკვეთილ ავეჯზე კომენტარს აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის მიერ 180 000 ლარის ღირებულების ნივთები მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისთვისაა განკუთვნილი.
დავით სერგეენკომ პარალელი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაავლო და აღნიშნა, რომ სამი წლის წინ, დაახლოებით იგივე რაოდენობის ნივთები მილიონ-ნახევარი დაჯდა.
მისივე თქმით, შესყიდვები რამდენიმე თვის წინ, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ამოქმედებამდე მოხდა.
“180 000 ლარის ღირებულების ნივთები განკუთვნილია მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისთვის. შედარებისათვის, მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენციისთვის, 3 წლის წინ დაახლოებით იგივე რაოდენობის ნივთები მილიონ-ნახევარი დაჯდა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთან, მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციაში რემონტი რამდენიმე თვის წინაა დაწყებული და ეს იყო იმ პერიოდში გაკეთებული შეკვეთა, რომელიც ახლა უნდა ჩამოვიდეს. „ეს შესყიდვები ჩემთვის ნამდვილად ცნობილია, ახლა არ გაკეთებულა. მთავრობის ადმინისტრაციაში რემონტი რამდენიმე თვის წინაა დაწყებული და ეს იყო იმ პერიოდში გაკეთებული შეკვეთა, რომელიც ახლა უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რბილი ავეჯი იტალიაში შეუკვეთა და საერთო ჯამში, მთავრობას ინვენტარის შეძენა 181 401 ლარი დაჯდა.
თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა გუშინვე განაცხადა, რომ ავეჯი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის არ შეუძენიათ, ინვენტარი შეიძინეს მთავრობის კანცელარიის იმ სივრცისთვის, რომელიც მაღალი რანგის შეხვედრებისთვის მზადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები