ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია: ფუტკარაძის აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად არჩევას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია’’ 2015 წლის 13 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხზე შეფასებას აკეთებს. ასოციაციის განცხადებით, დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ, რომელიც ვიცე- სპიკერის პოსტის დაკავების ერთადერთი კანდიდატი იყო, 8 ხმა მიიღო, რის შემდეგაც იგი თანამდებობაზე არჩეულად გამოცხადდა. ორგანიზაციის განმარტებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისათვის აუცილებელი კვორუმის ოდენობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს. ასოციაცია მიუთითებს კონსტიტუციის მე-15 მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, უმაღლესი საბჭოს როგორც თავმჯდომარის, ისე ამ უკანასკნელის მოადგილის ასარჩევად უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.
,,როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლესი საბჭო დღეისათვის 21 წევრისგან შედგება, სადაც ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’ ჰყავს 8 დეპუტატი, ,,ქართულ ოცნებას’’- 9, ,,თავისუფალ დემოკრატებს’’-2 და 2-იც დამოუკიდებელი წევრია. ზემოაღნიშნული ნიშნავს იმას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიის კონსტიტუციის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისათვის საჭიროა არა 8, არამედ არანაკლებ 12 დეპუტატის მხარდაჭერა. ხოლო ვინაიდან ცნობილია, რომ დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ მიიღო მხოლოდ 8 წევრის მხარდაჭერა, შეგვიძლია ცალსახად განვაცხადოთ, რომ 13 მარტის კენჭისყრის შედეგებს არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
13 მარტს უფლებამოსილების კვორუმის არარსებობის გამო, აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა, რომლის დახურვის შემდგომაც დეპუტატთა ნაწილი სხდომათა დარბაზში დარჩა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევას კენჭი უყარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები