საკრებულომ ჟურნალ “Copyright”–ის პრეზენტაციას უმასპინძლა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფოიეში ჟურნალ “Copyright”–ის მეთერთმეტე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც “კვირას” დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საკრებულოში, ჟურნალის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს კარი ყველა მსგავსი საინტერესო ღონისძიებისთვის ყოველთვის ღიაა.
„თბილისის საკრებულო მთელი ქალაქისაა და ყველა ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებისთვის საკრებულოს კარი ყოველთვის ღიაა“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
მისი თქმით, ჟურნალ “Copyright” საინტერესო ჟურნალია, რომელიც მოსახლეობას ბევრ მნიშვნელოვან საკითხში სიღრმისეულად ჩაახედებს.
„ასეთი გამოცემები ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობას. საავტორო უფლების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, თითოეულ ადამიანს, შემდეგ კი სახელმწიფოს აუცილებლად გამოადგება“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით კი საკრებულო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად დაუდგება გვერდში საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის ინიციატივას ანტიპირატული ღონისძიებების ჩატარების შესახებ.
„კულტურის განვითარება შეუძლებელია ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობის გარეშე. ეს თანადგომა უნდა გამოიხატებოდეს ავტორთა დაფასებაში და საავტორო უფლებების დაცვაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება საკრებულოში იმართება. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნებ საავტორო უფლებების დაცვისაკენ“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ჟურნალი “Copyright”–ი საავტორო უფლებების დაცვის სფეროში პირველი ჟურნალია და მისი მიზანი, საავტორო უფლებათა შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ამ სფეროს პოპულარიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები