ახალციხეში გზების მოწესრიგების, სასმელი და საკანალიზაციო სისტემის გამართვის პროცესი იწყება

  ახალციხის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 4 პროექტი დაუფინანსდა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 2014 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის პრიორიტეტად დასახელდა ქ. ახალციხეში შიდა გზების მოწესრიგება, სასმელი და საკანალიზაციო სისტემის გამართვა. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქ. ახალციხეში ფინანსდება გვარამაძის ქუჩის გზის, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა -რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე, გვარამაძის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელის რეაბილიტაცია. პროექტების ფარგლებში იგეგმება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების – პამაჯი-წყალთბილის ცენტრალური გზისა და სოფელ ღრელის ცენტრალური გზის მოასფალტება.
მთლიანობაში, 2014 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის პირველ ეტაპზე 3 234 685 ლარია გამოყოფილი. პროექტები, რომლებიც აღნიშნული თანხიდან უნდა განხორციელდეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ არის შერჩეული.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები