“ბინძური ხარ“ – როლანდ ახალაიას სახლთან აქცია გაიმართა

ფილმის „სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება ზუგდიდში აქციით დასრულდა. პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლა, სადაც საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ბინძური ხარ“ გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ფილმის ნახვის შემდეგ ახალაიების და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების მიმართ პროტესტის გრძნობა გაუმძაფრდათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათივე მმართველობის პერიოდის ქრონიკა შეეხსენებინათ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ქვირაიას განცხადებით, აქციის მონაწილეები აღნიშნულით პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ეუბნებიან, რომ მათი დრო დასრულდა.
„ჩვენ ვართ ნაწილი იმ საზოგადოებისა, რომელსაც ძალიან დიდი პროტესტის მუხტი აქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მკვლელი, სადისტი ლიდერების მიმართ. ამიტომაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვდგავართ აქ, ვაპროტესტებთ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვეუბნებით მათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოძალადეების და მათი ლიდერების დრო დასრულდა“,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
აქციის მონაწილეების ბრალდებებს როლანდ ახალაიამაც უპასუხა.  მისი თქმით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ქვარაია პენსიონერების ფულის გაფლანგვის გამო იყო დაკავებული.
„საკრებულოს თავმჯდომარე ქვირაია ბანდას ჩაუდგა სათავეში. იგი დაჭერილი მყავდა პენსიონერების ფულის გაფლანგვაზე. მისი ცოლი დღეს საოლქო პროკურატურაში პროკურორია და ამის ხელმძღვანელობით დღეს დაგვესხა თავს. ეგ არის ჩვენი ხელისუფლების სახე“,- განაცხადა როლანდ ახალაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები