“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” კონსტიტუციისა და კანონის უპატივცემულობაში ადანაშაულებს, საკუთარი გუნდის ყოფილი წევრების – ჯემალ ფუტკარაძის, მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის მიერ “ნაციონალებთან” შერწყმის გამო კი გულისტკივილს გამოთქვამს.
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კონსტიტუციისა და კანონის უპატივცემულობა, დილეტანტობა და ავანტიურისტობა არის ის თვისებები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” სახეს განსაზღვრავს. მაშინ, როდესაც აჭარის კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიითი შემადგემლობის უმრავლესობით, ანუ 11 ხმით აირჩევა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევით, 8 ხმით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს თავიანთი თანაგუნდელი, ჯემალ ფუტკარაძე.
ამასთან, აღნიშნული აქტით, ჯემალ ფუტკარაძემ, მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძემ კიდევ ერთხელ განახორციელეს თვითლუსტრაცია და დაადასტურეს, რომ ისინი მთელი შეგნებით იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში”ნაციონალური მოძრაობა” განასახიერებს. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” გამოხატავს გულისტკივილს იმის გამო, რომ დუმბაძე, ფუტკარაძე და ვასაძე წავიდნენ მძიმე კომპრომისზე საკუთარი ღირსებისა და სინდისის წინაშე და შეერწყნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, – აცხადებენ პარტიაში.
ამასთან, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მტკიცებით, არავის და მითუმეტეს “ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცემენ საშუალებას, იმოქმედონ კანონის წინააღმდეგ.
“ჩვენ ვუზრუნველვყოფთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროცესების განვითარებას კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები