პროკურატურა: სააკაშვილსა და მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, კეზერაშვილს, ადეიშვილსა და უგულავას კი ბრალი დაუმძიმდათ

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა.
როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.
„საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე (ტელეკომპანია “იმედი”, მთაწმინდის პარკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2015 წლის 13 მარტის დადგენილებით დაუზუსტდა ბრალდება, რომლის მიხედვით მ. სააკაშვილმა ძალადობისა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ჩაიდინა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირების უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუქტებით – სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 13 მარტის დადგენილებებით, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას დაუმძიმდათ ბრალდებები, ხოლო ივანე მერაბიშვილს ბრალის დამძიმების გარეშე დაუზუსტდა ბრალდება, კერძოდ:
დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება – 2007 წლის ნოემბრის, ტელეკომპანია “იმედისა” და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდები), 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია – ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდი) – სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.
ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება – ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრის ეპიზოდები) – სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე. გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება – მთაწმინდის პარკის ეპიზოდი), სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვაში დახმარება – მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვის ეპიზოდი) და სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დახამრება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში-ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდი) – სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.
ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო კვალიფიკაცია დარჩა უცვლელი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები. (ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრისა და მთაწმინდის პარკში შეჭრის ეპიზოდები) – სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე“, – აღნშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები