„თეატრის შესახებ ახალი კანონი ქმნის საშიშროებას, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი პოლიტიზებული გახდეს“
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში თუმანიშვილის თეატრის ყოფილმა მმართველმა ზურაბ გეწაძემ და თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა თეატრების შესახებ ახალ კანონზე ისაუბრეს და მისი ნაკლოვანი მხარეები განმარტეს. როგორც ზურაბ გეწაძემ განმარტა, ქართულ თეატრში კანონი თეატრის შესახებ საერთოდ საჭირო არ არის. თუმანიშვილის თეატრის ყოფილი მმართველის თქმით, ყველა თეატრმა დამფუძნებლის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით უნდა იმუშაოს.
გეწაძე ახალ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დირექტორის ფუნქციებს, სამხატვრო ხელმძღვანელი შეითავსებს, არ ეთანხმება. თეატრის ყოფილი მმართველები დღეს საქმიანობას უკვე თეატრის დირექტორის სტატუსით აგრძელებენ, თუმცა ახალი კანონის მიხედვით, დირექტორის ფუნქციაც გაურკვეველია და მის საქმიანობას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ითავსებს.
„კანონი თეატრის მოდელს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. ეს მოდელი კი ყველა თეატრმა უნდა მიიღოს. საქართველოში თეატრები და მათი პრობლემები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და მათი მართვაც სხვადასხვანაირი უნდა იყოს. ახალ კანონში ბევრი რამ გათვალისწინებული არ არის. ახალი კანონის შემქნელებს არ აქვთ არგუმენტი, გარდა იმისა, რომ არ მოსწონთ სიტყვა თეატრის მმართველი. ისინი მიიჩნევენ. რომ თეატრის მმართველი უნდა იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი. ზოგ თეატრში შეიძლება იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი პირველი პირი, ზოგში შეიძლება იყოს მმართველი, ზოგშიც კი ორივე მართავდეს და ფუნქციები იყოს გადანაწილებული. სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის შემოქმედებით განვითარებაზეა პასუხისმგებელი, ის არ არის მენეჯერი. კანონი პოლიტიზებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის მინისტრი, ჩვენ ვთავაზობთ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი მხოლოდ ბორდთან იყოს პასუხისმგებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყოს. კანონში არ არის გათვალისწინებული, რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს ის 4 წლიანი გეგმა, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენს“, – განაცხადა ზურაბ გეწაძემ.
როგორც თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა განმარტა, თეატრში მმართველის ინსტიტუტი, როგორც მენეჯმენტის, ისე შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით თეატრისთვის გაცილებით მომგებიანი იყო.
„სამხატვრო ხელმძღვანელები დღეს უკვე ადმინისტრაციული საქმიანობით არიან გატაცებული. მათ ხელი ეშლებათ სპექტაკლების დადგმაში, რადგან ადმინისტრაციულ საქმიანობას დიდი დრო მიაქვს”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.