დედაქალაქში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდება
დღეიდან „თბილისერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმა დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 1000 ცალი 1100 და 240 ლიტრიანი კონტეინერი, ძირითადად, წერეთლის, აღმაშენებლის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას გამზირებსა და კოსტავას ქუჩაზე განთავსდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სულ მალე დედაქალაქში დამატებით 3000 ცალი ახალი კონტეინერიც დაიდგმება. 1100 ლიტრიანი, 240 ლიტრიანი და 120 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვაზე ტენდერი უკვე დასრულდა და მათ გამარჯვებული კომპანია „თბილსერვის ჯგუფს“ უახლოეს პერიოდში მიაწვდის. იგეგმება, ასევე, 1000 ცალი 50 ლიტრიანი ახალი დიზაინის არაწვადი კონტეინერების შეძენაც. ჯამში, წლის განმავლობაში „თბილსერვისი“ დედაქალაქს 5500 სხვადასხვა მოცულობის ახალი კონტეინერით მოამარაგებს.
2015 წლის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავმზიდი მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის განახლებასაც გეგმავს. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილის დავით დოლიძის თქმით, წლის განმავლობაში ქალაქში 5 500 ნაგავშემკრები კონტეინერი იქნება შეძენილი და ეტაპობრივად ქალაქის ყველა უბანში მოხდება დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება.