მედეა ვასაძე: ავთანდილ ბერიძე იყო აბსოლუტურად არაადეკვატური

ავთანდილ ბერიძე იყო აბსოლუტურად არაადეკვატური, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მედეა ვასაძე და ჯემალ ფუტკარაძესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხის დასმას გეგმავს.
დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ ავთანდილ ბერიძემ ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევის დადგენილების პროექტს კენჭი არ უყარა და არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.
“ავთანდილ ბერიძე იყო აბსოლუტურად არაადეკვატური. იგი სისტემატურად იღებდა შესვენებას, გადიოდა ფრაქციის ოთახში, ღებულობდა კონსულტაციებს და იქცეოდა აბსოლუტურად შეუსაბამოდ. დადგენილების პროექტი სხდომის ხელმძღვანელს კენჭისყრაზე არ დაეყენებინოს, ასეთი რამ არ ახსოვს საკანონმდებლო ორგანოების ისტორიას. გასაგებია, რომ მას ჰქონდა პარტიული დავალება – არ მიეცა საშუალება დეპუტატებისთვის ვიცე-სპიკერად აერჩიათ პარტიიდან გარიცხული ადამიანი, მაგრამ მან სახე აბსოლუტურად დაკარგა და საბოლოოდ გაიფუჭა თავი. მის გადაყენებას ითხოვდნენ არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ აპარატის თანამშრომლებიც ამ მოთხოვნას უკრავდნენ ტაშს. ავთანდილ ბერიძის ყოფნა ამ თანამდებობაზე უკვე არა მარტო სირცხვილია, არამედ დანაშაულიცაა, რადგან მან პატივი არ სცა კონსტიტუციას და დაარღვია რეგლამენტი, ამიტომ მე აუცილებლად დავიწყებ მისი გადაყენების პროცედურებს”, – განაცხადა დეპუტატმა მედეა ვასაძემ.
მისივე თქმით, ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი 19 მარტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება.
გუშინ ჯემალ ფუტკარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად 8 ხმით აირჩიეს. აღნიშნული შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ბათილად გამოაცხადა სხდომათა დარბაზი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები