ავთანდილ ბერიძემ სხდომა დატოვა – დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნა მათ მას შემდეგ დააყენეს, რაც ბერიძემ ვიცე-სპიკერად არჩეული ჯემალ ფუტკარაძე არ აღიარა.
ჯემალ ფუტკარაძის მოადგილედ არ არჩევის გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ავთანდილ ბერიძემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა. ბერიძე აცხადებს, რომ მან სხდომაზე ყველა საკითხი ამოწურა, სხდომა დახურა და ამიტომ დატოვა დარბაზი. მისივე თქმით, იგი მხოლოდ კანონს და კანონით გაწერილ დადგენილებებს დაემორჩილება.
„მე დავხურე სხდომა და იმიტომ დავტოვე დარბაზი. სხდომა დავხურე და გამოვედი გარეთ, ამოვწურე ყველა საკითხი. თითოეულ საკითხზე ჩავატარე კენჭისყრები, სადაც საჭირო იყო. ჩემი გადაყენების საკითხი არ დამდგარა, ესეც გაწერილია კანონით და კანონის მიხედვით რაც იქნება, დავემორჩილები მეც კანონს“, – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.
ბერიძის მოვალეობა კი, მედეა ვასაძემ, როგორც საბჭოს უხუცესმა წევრმა შეასრულა. ვასაძემ დადგენილების პროექტი კენჭისყრაზე გაიტანა, ვიცე-სპიკერად კი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული ჯემალ ფუტკარაძე დაამტკიცა. თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ ფუტკარაძეს ბერიძის მოადგილეები არ აღიარებენ. ისინი ამბობენ, რომ მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, იმავე სხდომაზე ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის დაყენებას აპირებენ.
ჯემალ ფუტკარაძის განცხადებით, 19 მარტს პლენარულ სხდომაზე ავთანდილ ბერიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და გადაყენების საკითხი დადგება.
„19 მარტს პლენარულ სხდომაზე უკვე დადგება არა ვიცე-სპიკერის გადაყენების საკითხი, არამედ დადგება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის უფლებამოსილების შეწყვეტისა და გადაყენების საკითხი. ძალიან დიდი სირცხვილი იყო უმაღლესი საბჭოს ისტორიაში, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამარემ კენჭი არ უყარა დადგენილების პროექტს“,- განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები