ადვოკატი: ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი დაუზუსტდა

გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფები ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულეს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში ბრალის დამძიმება არ მომხდარა. როგორც გაბაიძემ აღნიშნა, ბრალის დამძიმება გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ მოხდება.
„ბრალის დამძიმება არ მომხდარა. ამ შემთხვევაში, ივანე მერაბიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც იყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, დარჩა. უბრალოდ, ბრალის ფორმულირება დაზუსტდა მასთან მიმართებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბრალის დამძიმება ხდება მხოლოდ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ“, – განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.
როგორც გაბაიძემ განმარტა, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, დაზუსტდა გარკვეული სიტყვები.
რაც შეეხება ბრალდების ეპიზოდებს, გოგიტა გაბაიძის თქმით, ეს ეხება 2006-2007 წლებს, ტელეკომპანია “იმედს”, ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებულ დეტალებს და ა. შ.
მისივე თქმით, აღნიშნული ბრალის დაზუსტება სანქციის ნაწილში არაფერს შეცვლის, რადგან თავად ბრალი არ შეცვლილა. გაბაიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა ბრალის დაზუსტების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები