თბილისი თანამედროვე, ენერგოდამზოგავ გარე განათებაზე გადადის

თბილისი თანამედროვე, ენერგოდამზოგავ გარე განათებაზე გადადის, რომელიც დედაქალაქს ელექტროენერგიის 60–70 პროცენტიან ეკონომიას მისცემს,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბჭომ მოიწონა თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც თბილისის 100 000 სანათის დიოდურ სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, დიოდური სანათი მნიშვნელოვნად დაზოგავს ელექტროენერგიის ხარჯებს, სამჯერ უფრო ეფექტურია განათების თვალსაზრისით და მისი ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურით ჩანაცვლება ახლო მომავალში რეგიონებშიც განხორციელდება. „ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებენ სხვა თვითმმართველობები და რეგიონებშიც მოხდება გარე განათების შეცვლა. რაც შეეხება თბილისს, უპირატესობა მიენიჭება ინვესტორს, რომელიც ასევე შემოგვთავაზებს საამწყობო ქარხნის მშენებლობის წინადადებას. აღნიშნული პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. პირიქით, დავზოგავთ ელექტროენერგიას და გარე განათების ექსპლუატაციის ხარჯებს, რომელიც იქნება ინვესტორის მოგება. სამაგიეროდ, ჩვენ დაგვრჩება უკეთ განათებული ქალაქი,“–განაცხადა დავით ნარმანიამ. მომავალ კვირას თბილისის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც ინვესტორთა წინადადებებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები