თბილისში 1 000 ცალი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი დაიდგმება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია „თბილსერვის ჯგუფში“ ნაგვის ახალი კონტეინერები დაათვალიერა და კომპანიის გეგმებს ადგილზე გაეცნო. სამომავლო გეგმების პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფმა“ პირველ ეტაპზე 1000 ცალი ახალი კონტეინერი უკვე შეისყიდა და მის განთავსებას თბილისის უბნებში ხვალიდან დაიწყებს. ლითონის 1100- ლიტრიანი 500 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი და პლასტმასის 240 ლიტრიანი 500 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი, ძირითადად, წერეთლის, აღმაშენებლის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ვაჟა – ფშაველას გამზირებსა და კოსტავას ქუჩაზე განთავსდება.
უკვე დასრულდა ტენდერი ლითონის 1100 -ლიტრიანი 2 000 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერის, პლასტმასის 240-ლიტრიანი 700 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერისა და პლასტმასის 120-ლიტრიანი 800 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვაზე. აღნიშნულ კონტეინერებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თბილსერვისს“ უახლოეს პერიოდში მიაწვდის.10934383_352887081584148_229544073_n
იგეგმება, ასევე, 1000 ცალი 50 – ლიტრიანი ახალი დიზაინის არაწვადი კონტეინერების შეძენაც. თბილისის მერის თქმით, წლის განმავლობაში ჯამში „თბილსერვისი“ დედაქალაქს 5500 სხვადასხვა მოცულობის ახალი კონტეინერით მოამარაგებს. მისივე თქმით, დაწყებულია ხევების და მუნიციპალური სასაფლაოების გაწმენდა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქალაქი მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს. დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრება შედეგს გამოიღებს.
„თბილსერვის ჯგუფის“ ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ, რომ ახალი ტექნიკის შეყვანის შემთხვევაში, უბნები უფრო მეტად მოვიცვათ და ვითარება ამ თვალსაზრისით გაუმჯობესდება. მას შემდეგ, რაც გამკაცრდა ჯარიმები, გარკვეული შედეგი გვაქვს, თუმცა უფრო მეტი სიმკაცრეა ამ თვალსაზრისით საჭირო. უკვე დასრულდა ობიექტების პასპორტიზაცია, რომლის შედეგად ძალიან ბევრი ისეთი ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომლებიც წლების განმავლობაში არ იხდიდნენ დასუფთავების მოსაკრებელს და რეალურად სარგებლობდნენ სერვისით. გარდა ამისა, წელს პირველად, გლდანის ტერიტორიაზე გაკეთდა სამშენებლო ნაგავსაყრელი და ქალაქში სამშენებლო ნარჩენები ქაოტურად აღარ დაიყრება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ადმინისტრირების გაუმჯობესების შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტში მეტი შემოსავალი შევიდა . 2015 წლის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ ასევე გეგმავს ნაგავმზიდი მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის განახლებას. თბილისის მთავრობის განკარგულებით, ნაგავმზიდი მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით, შეიქმნა კომისია, რომელიც ბაზრის კვლევას განახორციელებს და ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტს შეიმუშავებს. გარდა ამისა, უკვე გამოცხადდა ტენდერი კომპანიის ტექნიკური თანამშრომლებისათვის სპეცტანსაცმლის შეძენაზეც. გაუმჯობესდება ტანსაცმლის ხარისხი და დიზაინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები