1 კვირა პუტინის გარეშე – სად გაუჩინარდა რუსეთის პრეზიდენტი?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ერთი კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამ ფაქტმა უამრავი ჭორი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პრეზიდენტის პრესმდივანმა რუსეთის ლიდერის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „პუტინი ჯანმრთელია და აქტიურად მუშაობს, ძირითადად, არაფორმალური შეხვედრების ფორმატში“. ვარაუდი იმის თაობაზე, რომ პუტინი ავად არის, მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ პარასკევს ასტანაში მისი ვიზიტი გადაიდო, სადაც ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის და ბელორუსიის პრეზიდენტებს უნდა შეხვედროდა.
ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია პუტინისა და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის სატელეფონო საუბრის შესახებ. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე ჟურნალისტების თქმით, მათ პუტინი, მართლაც, გასული კვირიდან არ უნახავთ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი პესკოვი სიტუაციის განმუხტვას ხუმრობითაც ცდილობს და ამ ჭორებს „გაზაფხულის გართულებას“ უკავშირებს. „დადგა გაზაფხული და ზოგიერთს ვიცე პრემიერის სეჩინის გადაყენება ელანდება, ვიღაცას მთავრობის გადადგომა, სხვას კი რამდენიმე დღეა ტელევიზორში პრეზიდენტი პუტინი არ უნახავს“, – აცხადებს პესკოვი „იტარ- ტასთან“ საუბარში.
ამასთანავე, პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) კოლეგიის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
გასულ კვირას ასევე არ შედგა ვლადიმერ პუტინის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა, სადაც ე.წ „სამეკავშირეო ხელშეკრულება“ უნდა ყოფილიყო ხელმოწერილი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ ეს შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები