“აღნიშნული შენობა მოემსახურება მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სხვადასხვა სამმართველოს მოსამსახურეებს. აქამდე მათ უწევდათ მუშაობა იმ შენობაში, სადაც, პარალელურად, განთავსებული იყო დროებითი განთავსების ცენტრი”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა.
კერძოდ, როგორც დარახველიძემ განმარტა, ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობა, რომელიც ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე, მოემსახურება როგორც გაძევების მიმართულებას, ასევე – თავშესაფრის მიმართულებას.
„აქ არის ასევე განთავსებული სხვადასხვა სამმართველო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიგრაციის დეპარტამენტი უკვე გაძლიერებული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით შეძლებს, რომ შეასრულოს ის მთავარი ამოცანა, რაც არის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების ქვეყნიდან გაძევება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაური – ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრთან, გეკა გელაძესთან ერთად მიგრაციის ახალ დეპარტამენტში იმყოფებოდა.